ირანმა ახალი მიწისქვეშა სარაკეტო გამშვები სისტემა წარადგინა, რომელსაც ერთდროულად ორი რაკეტის გაშვება შეუძლია. თეირანმა სამხედრო ობიექტის ამსახველი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.
გვირაბებში განთავსებულია რაკეტები და სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის ახალი ტიპის გამშვები სისტემა, რომელიც თხევად საწვავზე მომუშავე ორი რაკეტის ერთდროულად გაშვებისთვისაა განკუთვნილი.

მიწისქვეშა განთავსება სამხედრო ობიექტს შესაძლო საჰაერო დარტყმებისგან უკეთ იცავს და მოწინააღმდეგისთვის მის აღმოჩენასა და განადგურებას ართულებს. თხევად საწვავზე მომუშავე რაკეტები კი ფრენის სიჩქარისა და ტრაექტორიის მართვის გარკვეულ შესაძლებლობებს იძლევა.
ეს ირანის მიერ მსგავსი სისტემის საჯაროდ წარდგენის პირველი შემთხვევაა.
ვიდეოში ასევე ჩანს ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ახალი მთავარსარდალი აჰმად ვაჰიდი, რომელმაც სამხედრო ობიექტი მოინახულა.
მოგვიანებით, საჰაერო ძალების მეთაურმა სეიედ მაჯიდ მუსავიმ განაცხადა, რომ ბოლო სამხედრო დაპირისპირებების მიუხედავად, ირანმა საკუთარი შესაძლებლობები გააფართოვა და შეიარაღებაში ახალი სისტემები დანერგა. მისი თქმით, ქვეყანას მოწინააღმდეგისთვის მოულოდნელი სამხედრო რესურსებიც აქვს.


ისრაელმა აშშ გააფრთხილა, რომ ირანი ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის პროგრამებზეც მუშაობს. შესაძლო ახალი სამხედრო ოპერაციის მთავარი სამიზნე, სავარაუდოდ, ირანის სარაკეტო არსენალი იქნება, თუმცა დარტყმები შესაძლოა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და სხვა სამხედრო ობიექტებსაც შეეხოს.