ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებსა და ქალაქ რიეკაში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.
საზოგადოების მასშტაბური პროტესტი ფსიქიატრიულ კლინიკაში 32 წლის ყოფილი სპორტსმენისა და მწვრთნელის, კრისტიან იოსიპ პერისის გარდაცვალებას მოჰყვა. გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, კლინიკის პერსონალმა პაციენტს ბალიში დააფარა და სცემა, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა.
საზარელი ვიდეო სოციალურ ქსელებში და ინტერნეტში ვრცელდება, სენსიტიური შინაარსის გამო ambebi.ge მისი გავრცელებისგან თავს იკავებს.

ზაგრების ცენტრალურ, ბან ელაჩიჩის მოედანზე შაბათს ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. მათ ხელში ანთებული სანთლები და თეთრი ბალიშები ეჭირათ, რომელთაგან ზოგზე გაგუდვის სიმბოლოდ სისხლიანი ხელის ანაბეჭდები იყო გამოსახული.

საპროტესტო აქცია 32 წლის კრისტიან იოსიპ პერისის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც წარსულში სპორტსმენი და მწვრთნელი გახლდათ. იგი 21 ოქტომბერს, კლინიკაში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა.


ანალოგიური საპროტესტო შეკრება გაიმართა სანაპირო ქალაქ რიეკაშიც, სადაც მედიის ცნობით, 1 000-მდე ადამიანი შეიკრიბა და საპროტესტო მსვლელობა გამართა.
დემონსტრანტები პასუხისმგებელ პირთა დასჯასა და საავადმყოფოებში მკურნალობის მეთოდების უკეთეს რეგულირებას ითხოვენ.

ადგილობრივმა მედიამ გამოაქვეყნა საავადმყოფოს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, თუ როგორ აფარებენ კლინიკის თანამშრომლები დაბმულ პაციენტს ბალიშს სახეზე. ვიდეოკადრების გამოქვეყნებას მთელ ხორვატიაში საზოგადოებრივი მრისხანება მოჰყვა.
“კრისტიან იოსიპ პერისმა დახმარებისთვის წმინდა ივანე იანკომირის კლინიკას მიმართა და ჰოსპიტალიზაციის დროს გარდაიცვალა“, - განაცხადა ოჯახის ადვოკატმა ლეონ ზრნიჩმა.
ადვოკატის თქმით, გამოქვეყნებული ვიდეოკადრებით დადგინდა, რომ პერსონალმა პაციენტს სცემა და გაგუდა, რის შედეგადაც მას ნეკნები ჰქონდა ჩამტვრეული და ამ უკანონო ქმედებების გამო გარდაიცვალა.
“ვიდეო ჩანაწერი ვნახე და გაოგნებული ვარ ამ ბოროტების ხილვით. იმედი მაქვს, ეს აღარასდროს განმეორდება“, - განაცხადა ზაგრების აქციის მონაწილემ მირნა სტრუგარმა.

ხორვატიის სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიების ფარგლებში საავადმყოფოს რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს. ოთხი სამედიცინო ტექნიკოსის მიმართ გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ეჭვით მიმდინარეობს.
პროკურორებმა გამოძიება გააფართოვეს იმ პერსონალზეც, რომლებიც ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ.