ავტორი:

სპეცოპერაცია ლიბიაში: უკრაინულმა დრონებმა პუტინის 150-მილიონიანი ხომალდი ააფეთქეს - კრემლი “მტკივნეულ შედეგებს“ აანონსებს

სპეცოპერაცია ლიბიაში: უკრაინულმა დრონებმა პუტინის 150-მილიონიანი ხომალდი ააფეთქეს - კრემლი “მტკივნეულ შედეგებს“ აანონსებს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლიბიაში, ბენღაზის პორტში მდგარი რუსული სამხედრო ხომალდი 7 საზღვაო დრონის მეშვეობით ჩაძირეს. კრემლი ოფიციალურ კიევს “მტკივნეული შედეგებით“ ემუქრება, ხოლო ლიბიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორია ანგარიშსწორების ასპარეზად არ უნდა იქცეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ ლიბიაში, ბენღაზის პორტში მდგარი რუსული სამხედრო კორვეტი “Merkury“ 7 საზღვაო დრონის გამოყენებით ჩაძირა. ზელენსკის ცნობით, იერიში მიიტანეს მეორე სამიზნეზეც - რუსულ სატვირთო გემზე MV Angara, რომელსაც მოსკოვი შეიარაღების გადასაზიდად იყენებდა.

კორვეტთან ერთად განადგურებულია რუსული საბრძოლო ვერტმფრენი Ka-27.

“სამაგალითო უკრაინული ოპერაცია რუსეთის ომის საპასუხოდ. მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მებრძოლებს და უკრაინის ყველა თავდაცვის ძალებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დავალებების შესრულებაში. მიზნები, რომლებიც დავისახეთ, მიღწეული იყო.

ეს ყველაფერი ლიბიის სანაპიროსთან მოხდა. ჩვენმა მებრძოლებმა შვიდი უკრაინული წარმოების საზღვაო დრონი განათავსეს. შეტევის მოსაგერიებლად მტრის ყველა მცდელობის მიუხედავად, რუსული კორვეტი მერკური ჩაიძირა. ეს მათი ერთ-ერთი უახლესი გემია. კორვეტთან ერთად განადგურდა Ka-27 საბრძოლო ვერტმფრენიც,“ - წერს უკრაინის პრეზიდენტი და ვიდეოს ავრცელებს.

ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლების განცხადებით, რუსული კორვეტი ბენღაზის სამხედრო-ზღვაოსნო ბაზაში საწვავისა და მარაგების შესავსებად იმყოფებოდა, როდესაც მასზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.

ლიბიის მთავრობამ გააფრთხილა მხარეები, რომ ქვეყნის ტერიტორია “ანგარიშსწორების ასპარეზად არ უნდა იქცეს“.

  • კრემლი “მტკივნეული შედეგებით“ იმუქრება...

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ამ ქმედებებს “კიევის რეჟიმისთვის უაღრესად მტკივნეული შედეგები მოჰყვება“. პესკოვმა გაახსენა საზოგადოებას ვლადიმერ პუტინის განცხადება შენჟენიდან და დასძინა, რომ სრულფასოვან პასუხს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გააცხადებს.

თავის მხრივ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა განაგრძობს სპეცოპერაციებს განსაზღვრულ აკვატორიებში.

აღსანიშნავია, რომ ეს იერიში განხორციელდა ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო-სატვირთო გემზე დრონით მიტანილი შეტევიდან სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ. შაბათს ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საერთაშორისო წყლებში, ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში რუსულ სავაჭრო გემზე თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად, რუსულ სატვირთო გემ „სპარტა II“-ს ცეცხლი გაუჩნდა და ფინეთის წყლებში შეცურდა. ამჟამად მას ბუქსირით რუსეთის ტერიტორიაზე აბრუნებენ.

უკრაინული მეთაურობის ცნობით, მასშტაბური სარაკეტო და დრონების შეტევის შედეგად რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა. გარდა ამისა, დრონებით იერიში მიიტანეს პერმის ოლქის სამრეწველო ობიექტებზე, რომელიც უკრაინის ფრონტის ხაზიდან 1 700 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ამასთან, გერმანიის სამხედრო დაზვერვამ და ფედერალურმა დაზვერვის სამსახურმა (BND) ნატოს მოკავშირეები გააფრთხილეს, რომ რუსეთი წლის ბოლომდე კოსმოსში ბირთვული იარაღით აღჭურვილი თანამგზავრის “Sputnik-S“-ის გაყვანას გეგმავს.

წყარო