დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოების ცნობით, რუსეთმა შექმნა თანამგზავრი, რომელსაც ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია. ნატოს წევრ ქვეყნებში გავრცელებული სადაზვერვო ანგარიშების თანახმად, არსებობს შიში, რომ მოსკოვმა აღნიშნული იარაღი კოსმოსში შესაძლოა უკვე მომავალ თვეს გაუშვას.
დასავლური მედიისა და Bloomberg-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსული კოსმოსური ბირთვული პროგრამა გაცილებით წინწასული აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე ვარაუდობდნენ. თანამგზავრი, სახელწოდებით “Sputnik-S“, რამდენიმე წლის განმავლობაში მოსკოვის მახლობლად ინახებოდა, თუმცა ბოლო სადაზვერვო მონაცემებით, იგი შესაძლოა უკვე მზად იყოს ორბიტაზე გაშვებისთვის.


აშშ, რუსეთი და ჩინეთი აქტიურად ცდილობენ კოსმოსში საბრძოლო შესაძლებლობების განვითარებას, თუმცა ორბიტაზე ბირთვული იარაღის განთავსება 1967 წლის “კოსმოსური სივრცის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებას პირდაპირ არღვევს, რომელსაც ხელი რუსეთმაც მოაწერა.
სექტემბერში აშშ-ის სამხედრო-ჰაეროვანი ძალების მდივანმა ტროი მეინკმა გამოაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა კოსმოსში საკუთარი საიდუმლო იარაღი გაუშვა, თუმცა მისი კონკრეტული შესაძლებლობები ოფიციალურად არ გასაჯაროებულა.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე ბრალდებები უარყო. 2024 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი ორბიტაზე ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავდა.