ჩრდილოეთ თურქეთში მდებარე ზღვისპირა ქალაქ რიზეს მაცხოვრებლებმა გასულ შაბათ- კვირას დიღმენდერეს მდინარეზე უჩვეულო ფაქტი დააფიქსირეს. ქალაქში გამავალი წყალს ნაკადი წითლად შეიღება. მომხდარის შესახებ შესაბამის უწყებებს ეცნობა, თავად შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულმა კადრებმა კი მოსახლეობაში შეშფოთება და ცნობისმოყვარეობა გამოიწვია.
დაბინძურების წყაროს დასადგენად რიზეს მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების პროვინციული დირექტორატის ჯგუფები გაიგზავნა. ინსპექტირების პროცესში, რომელიც ტერიტორიის საჰაერო სკანირებასაც მოიცავდა, გარემოს დაცვის ორი ინსპექტორი, გარემოსდაცვითი ინჟინერი და დრონის ოპერატორი მონაწილეობდნენ.

თურქული მედიის ინფორმაციით, შემოწმებამ ინსპექტორთა ჯგუფები დიღმენდერეს სიახლოვეს მდებარე კერძო ჩაის ქარხანასთან მიიყვანა. ხელისუფლების დასკვნით, ქარხნიდან ჩამდინარე წყლები მდინარის ნაკადში უკონტროლოდ და გარემოსდაცვითი რეგულაციების დარღვევით ჩაედინებოდა. ქარხანა 839 122 თურქული ლირით დააჯარიმეს, ნაკადიდან აღებული წყლის სინჯები აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა, რათა დადგინდეს, რა ნივთიერებები მოხვდა წყალში და რამდენად მასშტაბურია დაბინძურება. ლაბორატორიული პასუხების შემდეგ შესაძლოა დამატებითი სანქციებიც დაწესდეს.
რიზე ერთ-ერთია იმ ქალაქთაგან, რომლებიც ყველაზე მჭიდროდ ასოცირდება თურქეთის ჩაის ინდუსტრიასთან, თავად ჩაი კი ქალაქისა და მისი მიმდებარე რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა.