კალიფორნიელ სერფერს ნამდვილად გაუმართლა, რომ ცოცხალი გადარჩა მას შემდეგ, რაც მის დაფას უზარმაზარი თეთრი ზვიგენი დაესხა თავს. ზღვის მტაცებელმა თავად სერფერი ჰაერში აისროლა, სეფინგის დაფა კი თითქმის ნაკუწებად აქცია.


ჯეკ კანიჯიულა სანტა-ბარბარას ოლქის ჩრდილოეთ სანაპიროსთან სერფინგით იყო დაკავებული, როდესაც წყლის სიღრმიდან მისკენ ის ზვიგენი აიჭრა, რომლის სიგრძეც, მისივე შეფასებით, 4.5-დან 6 მეტრამდე იქნებოდა.
მოგვიანებით სერფინგის დაფისთვის გადაღებული ფოტოები ცხადად აჩვენებს, რამდენად ახლოს იყო ეს ამბავი სრულიად სხვა, გაცილებით ტრაგიკულ დასასრულთან.


კანიჯიულას თქმით, ის დაფაზე იჯდა, როდესაც უეცრად მის ქვეშ უზარმაზარი მუქი სილუეტი გამოჩნდა. მამაკაცმა რეაგირებაც ვერ მოასწრო, ისე დაარტყა ზვიგენმა დაფის უკანა ნაწილს და ჰაერში ააგდო.
საბედნიეროდ, ჯეკმა ფეხების წინ წამოწევა და ზვიგენის ხახისგან მოშორება მოახერხა. მტაცებელმა ყბები სერფინგის დაფას ჩაავლო. იმ დროს, როცა ზვიგენს დაფა ჯერ ისევ კბილებით ეჭირა, სერფერმა მოახერხა, ცხოველისთვის ფეხი ეკრა და მისი თავი გაეწია. საბოლოოდ ზვიგენმა დაფას პირი გაუშვა, რამაც ჯეკს საშუალება მისცა, ისევ ზედ ასულიყო და ნაპირისკენ გაეცურა.


“საკმაოდ შოკირებული, თუმცა უზომოდ მადლიერი ვარ, რომ უვნებლად გადავრჩი“, - დაწერა კანიჯიულამ ინსტაგრამზე.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ მიუხედავად იმისა, თუ რამხელა იყო ეს ზვიგენი, ეჭვგარეშეა, რომ სერფერი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა.