დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის Co-op Live-ის არენაზე ამერიკელი რეპერის, დონ ტოლივერის კონცერტის დროს უცნობი ნივთიერების გაფრქვევის გამო მასშტაბური ევაკუაცია განხორციელდა. პოლიციამ მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.
ინციდენტი კვირას, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00 საათზე, კონცერტის დასასრულს მოხდა. თვითმხილველების თქმით, დარბაზში გაუძლებელი სუნი გავრცელდა, რასაც ხალხის პანიკური გაქცევა, ყვირილი და სისხლიანი ხველება მოჰყვა.
22 წლის ჯოი ჰოუს განცხადებით, კონცერტის დაწყებიდან დაახლოებით 30-40 წუთში შუქები აინთო და რეპერი სცენიდან სასწრაფოდ გაიყვანეს.

23 წლის ჯესიკა მოულტ-ბოფის თქმით, ადამიანები ტკივილისგან ყვიროდნენ და ტიროდნენ. 19 წლის მალაქი კლარკმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად ეს ჭყლეტა ეგონა, თუმცა დაცვის თანამშრომელმა განუმარტა, რომ საქმე ქიმიურ ნივთიერებას ეხებოდა.
დიდი მანჩესტერის პოლიციის (GMP) ცნობით, არენიდან 12 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ჩრდილო-დასავლეთის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 80-ზე მეტ ადამიანს თვალისა და სასუნთქი გზების სიმპტომების გამო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, ხოლო 1 პაციენტი მანჩესტერის სამეფო კლინიკაში გადაიყვანეს.
პოლიციის ასისტენტ-კონსტებლ სტეფ პარკერის თქმით, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს იმის დასადგენად, თუ რა ნივთიერება იქნა გამოყენებული.