კალიფორნიაში, უილ სმიტის 42 მილიონ დოლარად შეფასებულ მდიდრულ მამულში უზარმაზარი ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადის მობილიზება გახდა საჭირო. ინციდენტი ორშაბათს დილით მოხდა.
პოლიციის ცნობით, 911-ზე ზარი შუაღამისას შევიდა, როდესაც 150 აკრის ფართობის მქონე მამულის ტერიტორიაზე მდებარე დამხმარე სამეურნეო ნაგებობას (ფანჩატურს/ფარდულს) ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მალევე მივიდნენ მეხანძრე-მაშველები და სპეცტექნიკა, რომლებმაც ხანძრის ლიკვიდაცია შეძლეს.

“ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო ხანძრის გაჩენის მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა“, - განუცხადა Page Six-ს მალიბუს/ლოტ ჰილსის შერიფის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

Page Six-ის მიერ მოპოვებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ შედიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მანქანები კოლდ კანიონ როუდზე მდებარე მამულის მთავარ ჭიშკარში.
მსახიობის ოფიციალურ წარმომადგენელს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჰოლივუდის ვარსკვლავის მამულს ცეცხლი გაუჩნდა. იმავე მამულში, 2021 წელს სახლის სარდაფში გაჩენილი ხანძრის გამო შენობას რესტავრაცია დასჭირდა. იმჟამინდელი ცნობებით, ოჯახის წევრები არ დაშავებულან, თუმცა ერთ მეხანძრეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

2018 წელს, სამხრეთ კალიფორნიაში მძვინვარე Woolsey-ს ხანძრის დროს, უილ სმიტი ინსტაგრამზე წერდა, რომ ვითარება “ძალიან საშიში“ იყო, თუმცა მაშინ ევაკუაცია არ დასჭირვებიათ. ხოლო 2025 წლის იანვარში, Palisades-ის მასშტაბური ხანძრის დროს, ოჯახს საცხოვრებლის დროებით დატოვება მაინც მოუხდა.
უილ სმიტმა კალაბასასში მიწის ნაკვეთი 2003 წელს შეიძინა, ხოლო 6 საძინებლისა და 13 სააბაზანოსგან მდგარი მდიდრული სახლის მშენებლობა 2010 წელს დასრულდა. მომდევნო წელს წყვილმა სახლი გასაყიდად 42 მილიონ დოლარად გამოიტანა, თუმცა საბოლოოდ მისი გაყიდვა გადაიფიქრეს.

უილ სმიტსა და ჯადა პინკეტ სმიტს ორი საერთო შვილი ჰყავთ - ჯეიდენი (28 წლის) და უილოუ, ხოლო უილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს უფროსი ვაჟი, 34 წლის ტრეი.
წყვილი 1997 წლის დეკემბერში დაქორწინდა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს ცნობილი გახდა მათი მრავალწლიანი ფარული დაშორების შესახებ, 2024 წელს ჯადა კვლავ დაბრუნდა ოჯახურ მამულში.
გასულ შაბათს უილ სმიტი, ჯადა პინკეტი, მათი შვილები და დედები მალიბუში, Soho House-ის რესტორანში ერთად დააფიქსირეს.