ავტორი:

მეცნიერებმა ტურინის სუდარიდან აღებული დნმ-ი შეისწავლეს და ნამდვილს “სიურპრიზს“ წაწყდნენ...

მეცნიერებმა ტურინის სუდარიდან აღებული დნმ-ი შეისწავლეს და ნამდვილს “სიურპრიზს“ წაწყდნენ...

ტურინის სუდარას ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია გააჩნია. 1354 წელს ისტორიულ წყაროებში მისი არსებობის პირველად დაფიქსირების შემდეგ, დღემდე არ ცხრება კამათი იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს უძველესი არტეფაქტი.

ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებული კვლევა სუდარის დნმ-ის დღემდე ჩატარებული ყველაზე საფუძვლიანი ანალიზია, რომლის დროსაც მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა ქსოვილზე საუკუნეების განმავლობაში დალექილი ყველა ხელმისაწვდომი გენეტიკური კვალი შეისწავლა.

  • თუმცა ანალიზი არ გვპასუხობს იმაზე, იყო თუ არა ეს სუდარა ოდესღაც შემოხვეული იესოს სხეულზე, ის უფრო მეტს თავად ქსოვილის მიერ განვლილი გზისა და იმ გავლენის შესახებ გვეუბნება, რომელიც მასზე ადამიანის ჩარევამ და მათმა შეხებამ მოახდინა.

“სუდარა გენეტიკური ინფორმაციის მდიდარ არქივს წარმოადგენს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ადამიანებთან კონტაქტისა და გარემოს ზემოქმედების შედეგად დაგროვდა“, - ამბობს სასამართლო ექსპერტი ნოემი პროკოპიო, დიდ ბრიტანეთში მდებარე ლანკაშირის უნივერსიტეტის წარმომადგენელი.

მიუხედავად იმისა, რომ ქსოვილზე დნმ-ის ტესტები ადრეც ჩატარებულა, ამჯერად მკვლევრებმა რამდენიმე ნაბიჯით წინ წაიწიეს და ე.წ. PCR-free, ახალი თაობის მეტაგენომური სეკვენირების მეთოდი გამოიყენეს.

ანალიზმა უამრავი მიგნება გამოავლინა. ქსოვილზე სხვადასხვა ადამიანური შტოს, მათ შორის ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მაცხოვრებელი ადამიანის დნმ-ის კვალი აღმოჩნდა, ასევე ნაპოვნი იქნა სხვადასხვა ცხოველების: ძაღლების, კატების, ღორების, ცხენების, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ქათმების გენეტიკური მასალა.

ასევე გამოვლინდა ნიშნები იმისა, რომ სუდარა შეხებაში იყო ხმელთაშუა ზღვის წითელ მარჯანთან, რომელსაც წარსულში ფართოდ იყენებდნენ სამკაულებისა და დეკორაციებისთვის, აგრეთვე ისეთი კულტურების ფრაგმენტებთან, როგორიცაა ხორბალი და სიმინდი.

აღმოჩენილ იქნა სტაფილოს, ბანანის, ფორთოხლის, არაქისისა და კარტოფილის ნაწილაკებიც.

სიმინდი და არაქისი ამერიკული წარმოშობის კულტურებია, ხოლო ბანანი და ფორთოხალი ევროპაში გვიან გახსნილი სავაჭრო გზებით მოხვდა.

როგორც მკვლევრები ამტკიცებენ, მცენარეული და ცხოველური კვალი ერთობლივად მიუთითებს, რომ დაბინძურება გვიან შუა საუკუნეებზე ადრე არ მომხდარა ანუ მარკო პოლოსა და კოლუმბის შემდგომ ეპოქაში.

ადამიანური დნმ-ის დიდი ნაწილი, რომელიც მკვლევართა გუნდმა დააფიქსირა, განსვენებული პროფესორის, პიერლუიჯი ბაიმა ბოლონეს დნმ-ს დაემთხვა სწორედ ამ მეცნიერმა აიღო ტურინის სუდარიდან ნიმუშები 1978 წელს.

დნმ-ის კვლევის გარდა, სუდარის რელიქვიიდან აღებული ორი ძაფის რადიონახშირბადულმა ანალიზმა ისინი ჩვ. წ. 1451–1622 და 1642–1800 წლებით დაათარიღა, გაცილებით გვიანდელი პერიოდით, ვიდრე თავად სუდარა. ეს თარიღები იმ დროს ემთხვევა, როდესაც ქსოვილი, ცნობილი მონაცემებით, შეაკეთეს: 1534 წელს, შამბერიში მომხდარი ხანძრის შემდეგ და კვლავ 1694 წელს.

ტურინის სუდარის წარმოშობასა და ავთენტურობაზე ჯერ კიდევ უამრავი კითხვა რჩება, მაგრამ ეს უახლესი ანალიზი მნიშვნელოვან კონტექსტს სძენს საქმეს და აჩვენებს, რომ სამეცნიერო მეთოდების დახვეწასთან ერთად ამ ცნობილი ქსოვილის შესახებ გაცილებით მეტის გაგება შეგვიძლია.

მკვლევრების თქმით, დამატებითი დასკვნები შესაძლოა მიღებულ იქნას ამ შედეგების სხვა უძველეს ქსოვილებსა და არტეფაქტებთან შედარებით, ხოლო ამ მოწინავე მეთოდებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად ეფექტიანია ისინი დნმ-ის კვალის ამოსაცნობად.

წყარო

იხილეთ ასევე: