ავიარეისების შეჩერება, ბანკების ვებგვერდების გათიშვა, Microsoft Outlook-ის შეფერხება და მსხვილ კომპანიებზე კიბერშეტევები – ბოლო კვირებში მომხდარმა მოვლენებმა გააჩინა კითხვა: რამდენად დაცულია სისტემები, რომლებზეც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაა დამოკიდებული და შეიძლება თუ არა ცალკეულმა ტექნოლოგიურმა პრობლემებმა მასშტაბური კრიზისი გამოიწვიოს?
თუმცა, ოფიციალური უწყებები და დაზარალებული კომპანიები კოორდინირებული თავდასხმების შესახებ ვარაუდებს უარყოფენ. 13 ნოემბერს აშშ-ში ავიარეისების მასშტაბური შეჩერება ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ არკანზასში დაზიანებულ როუტერს დაუკავშირა, Microsoft-მა კი Outlook-ის შეფერხების მიზეზად პროგრამული კოდის ხარვეზი დაასახელა.
რამდენად რეალურია ციფრული კატასტროფის საფრთხე? გამოცემა The Guardian-მა ამ საკითხზე ავიაციის, საბანკო უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები გამოკითხა.
ავიაკომპანიების ყოფილი ხელმძღვანელი და დარგის ანალიტიკოსი ბობ მან უმცროსი მიიჩნევს, რომ აშშ-ის საავიაციო სისტემის მასშტაბური შეფერხების ერთი როუტერის დაზიანებით ახსნა დამაჯერებელი არ არის. მისი თქმით, ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა დუბლირებულია და ათასობით მოწყობილობას მოიცავს.
ექსპერტი ასევე საუბრობს საავიაციო სისტემების მოძველებულ ტექნოლოგიებზე. მისი თქმით, მათი ძირითადი არქიტექტურის ნაწილი დაახლოებით 50 წლისაა და განახლების მცდელობების მიუხედავად, სისტემა კვლავ ძველ ტექნოლოგიებს ეყრდნობა.
მან გამოთქვა ვარაუდი, რომ შეფერხება შესაძლოა ახალი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული Smart System-ის მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად დანერგვას უკავშირდებოდეს. სისტემა პილოტებს ფრენის მარშრუტების შეცვლის შესახებ შეტყობინებებს უგზავნის. მათი დიდი რაოდენობით დაგროვებამ შესაძლოა, ქსელი გადატვირთოს და რადარისა და რადიოკავშირის ხარისხი გააუარესოს.
ექსპერტის მთავარი შეშფოთება ახალი ტექნოლოგიების არასაკმარისი ტესტირების გარეშე მასშტაბურად დანერგვაა. ამასთან, იგი ხაზს უსვამს, რომ მგზავრების ფრენის უსაფრთხოებაზე განსაკუთრებული შიში საჭირო არ არის – პილოტები და დისპეტჩერები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პროფესიულად მოქმედებენ.
საბანკო სექტორში კიბერშეტევები მუდმივ საფრთხედ რჩება. კომპანია DefenseStorm-ის ინფორმაციული უსაფრთხოების ხელმძღვანელის, უილიამ უეზერილის თქმით, ხელოვნურმა ინტელექტმა თავდასხმები უფრო იაფი და ხელმისაწვდომი გახადა.
მის მიერ მოყვანილი მონაცემებით, გამოკითხული ფინანსური ინსტიტუტების 81%-მა გასული წლის განმავლობაში არაავტორიზებული წვდომისა და კიბერუსაფრთხოების სხვა დარღვევები დააფიქსირა.
ჰაკერების მიზანი ყოველთვის საბანკო ანგარიშებიდან ფულის მოპარვა არ არის. სპეციალისტის განმარტებით, ისინი ხშირად ბანკებისა და საკრედიტო კავშირების მონაცემებს იპარავენ და გასაჯაროებით ემუქრებიან, თუ გამოსასყიდს არ მიიღებენ. თანხის გადახდას, როგორც წესი, კრიპტოვალუტით ითხოვენ.
უეზერილი მიიჩნევს, რომ საბანკო სისტემისთვის ყველაზე მძიმე სცენარი გლობალური ფინანსური ინფრასტრუქტურის დაზიანება იქნებოდა. მაგალითად, SWIFT-ის სისტემის მუშაობის შეჩერება, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების მნიშვნელოვანი ნაწილის საფუძველია.
მისი შეფასებით, ეს გლობალური კრიზისის მიზეზი გახდებოდა. თუმცა, ფინანსურად მოტივირებულ კიბერდამნაშავეებს თავად საბანკო სისტემის განადგურება არ აწყობთ - ამით ისინი იმ ინფრასტრუქტურასაც დააზიანებდნენ, რომლითაც სარგებლობენ.
რაც შეეხება მოქალაქეების დანაზოგების დაკარგვის საფრთხეს, სპეციალისტი განმარტავს, რომ კიბერშეტევების სიხშირე და მასშტაბი გაიზარდა, თუმცა საფრთხეები ახალი არ არის. მისი თქმით, ადამიანებმა არ უნდა იფიქრონ, რომ ყოველი თავდასხმა კონკრეტულად მათ წინააღმდეგ არის მიმართული და მუდმივად ყველაზე უარესი სცენარისთვის ემზადებოდნენ.
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი, დოქტორი სკოტ უაითი მიიჩნევს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა კიბერშეტევების საფრთხე მნიშვნელოვნად გაზარდა. მისი განმარტებით, დღეს ინტერნეტთან დაკავშირებული კომპიუტერის მქონე ადამიანსაც შეუძლია ისეთი თავდასხმის განხორციელება, რომლის შესაძლებლობაც ადრე მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციისა და რესურსების მქონე ჯგუფებს ჰქონდათ.
უაითი კიბერსაფრთხეების მთავარ წყაროებად ჩინეთს, რუსეთს, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას ასახელებს. მისი თქმით, საერთაშორისო კონფლიქტები ხშირად კიბერშეტევების გააქტიურებასაც იწვევს, ხელოვნური ინტელექტი კი თავდამსხმელებს დამატებით შესაძლებლობებს აძლევს.
სპეციალისტის შეფასებით, ყველაზე მძიმე სცენარი წყლის გამწმენდი ობიექტების, საავადმყოფოების, საკომუნიკაციო ქსელებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანა იქნებოდა. თუ ქვეყანას ერთდროულად შეუწყდება კომუნიკაცია, წყლის მიწოდება და ენერგეტიკული სისტემების მუშაობა, ის მართვისა და თავდაცვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს დაკარგავს. ასეთ ვითარებას შესაძლოა სამხედრო თავდასხმაც მოჰყვეს.
თუმცა, ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი გლობალური სცენარის ალბათობა შედარებით დაბალია. ასეთი თავდასხმა შესაძლოა უკონტროლო ესკალაციისა და ფართო საერთაშორისო კონფლიქტის მიზეზი გახდეს.
დოქტორი სკოტ უაითის თქმით, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები ხშირად თავდამსხმელების მიერ გამოყენებულ ახალ ტექნოლოგიებს მხოლოდ მას შემდეგ ეწევიან, რაც ისინი უკვე გავრცელებულია.
ერთ-ერთი გამოსავალია უსაფრთხოების სისტემების თავიდანვე ისე შექმნა, რომ შესაძლო კიბერსაფრთხეები გათვალისწინებული იყოს. თუმცა, ექსპერტის განმარტებით, ყველა სისტემა ამ პრინციპით არ არის შექმნილი და ძველი ინფრასტრუქტურის განახლება რთულია.
სპეციალისტი მიიჩნევს, რომ არსებული სისტემების დაცვას მუდმივი განახლება, უსაფრთხოების დამატებითი ფენების შექმნა და თავდამსხმელებისთვის ხელმისაწვდომი გზების შეზღუდვა სჭირდება.
მისი შეფასებით, მსოფლიო დისტოპიურ რეალობაში ჯერ არ ცხოვრობს, თუმცა ციფრული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გასაძლიერებლად გაცილებით მეტი სამუშაოა საჭირო.