ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი თანამდებობას დაუბრუნდა. თანამდებობაზე აღდგენის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომპანიის დირექტორთა საბჭოსთან პირადად გამართა მოლაპარაკებები და ხელმძღვანელის დაბრუნებას მხარი დაუჭირა.
გადაწყვეტილებას აშშ-ში კრიტიკა და კითხვები მოჰყვა, მათ შორის ჰუანგის სავარაუდო კავშირებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე.
თავდაპირველად, Nvidia-ს დირექტორთა საბჭო ჰუანგის დაბრუნებას არ განიხილავდა, თუმცა პოზიცია მოგვიანებით შეიცვალა. საბჭოს თავმჯდომარის, ჰარვი ს. ჯონსის განცხადებით, იენსენ ჰუანგი კომპანიის ხელმძღვანელობისთვის ყველაზე შესაფერისი კანდიდატია და მისი დაბრუნება აქციონერების, თანამშრომლებისა და პარტნიორების ინტერესებს ემსახურება.
საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებამდე მათ აშშ-ის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების მოსაზრებებიც მოისმინეს და დაასკვნეს, რომ ჰუანგის დაბრუნება ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

ჰუანგის დაბრუნებას Nvidia-ს აქციების მკვეთრი ზრდა მოჰყვა. ორშაბათს მათი ღირებულება 31%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციას დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარი დაემატა.
დემოკრატმა ჰაკიმ ჯეფრისმა ჰუანგის თანამდებობაზე დაბრუნებას "გაუმართლებელი, უპასუხისმგებლო და გაუგებარი“ უწოდა და კონგრესში საკითხის საფუძვლიანი გამოძიება დააანონსა.
ჰუანგს კონგრესის წინაშე ჩვენების მიცემაც მოუწევს. 1 დეკემბერს ის წარმომადგენელთა პალატის სამ კომიტეტთან დახურულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, ორი დღის შემდეგ კი სენატის საბანკო კომიტეტის წინაშე უნდა წარდგეს.

საკითხს დამატებით ინტერესს სძენს დონალდ ტრამპის პირადი ინვესტიციები Nvidia-ში. BBC-ის მიერ შესწავლილი ფინანსური დეკლარაციების თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში პრეზიდენტმა კომპანიის აქციები არაერთხელ შეიძინა და გაყიდა. სხვადასხვა საინვესტიციო ანგარიშის მეშვეობით შეძენილი აქციების ღირებულება ჯამურად 23-დან 86 მილიონ დოლარამდეა შეფასებული.
მხოლოდ გასული წლის სექტემბერში ტრამპმა Nvidia-ს 265 000 დოლარის ღირებულების აქციები შეიძინა, მოგვიანებით კი 15 000 დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა. BBC-ის მონაცემებით, პრეზიდენტმა კომპანიის აქციები 85-ჯერ შეიძინა.
ცნობისთვის, Nvidia-ს ხელმძღვანელი სკანდალში მაშინ გაეხვა, როცა გაირკვა რომ ის ცოლს ღალატობდა, თანაც ქალთან, რომელსაც ჩინეთის საიდუმლო სამსახურებთან ჰქონდა კავშირი.