სახელმწიფომაც დამსაჯა, სრულიად უკანონოდ 2 წელი გამატარებინა ციხეში, როცა თავს მე დამესხნენ, მე მაწამეს და მე გამატარებინეს 2 წელი ციხეში, - ამის შესახებ გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანატოლი გიგაურმა განაცხადა.
"ჩემი სამომავლო გეგმებია, ჩემი პირადი რესურსით ჩემს ქვეყანას გამოვადგე და გავაერთიანო. ვიყავი დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისთვის, იყო ასეთი წამოცდენა, ვინც არის ვითომ დაზარალებული, მოძალადე, ასე მოვიხსენიებ, გაბუნიას[პოლიციელი] წამოსცდა, რომ ჩემი იდენტიფიცირება მაშინ მოახდინა, როცა მიტინგზე გიორგი ვაშაძეს ვესაუბრებოდი. მან თქვა, რომ პირველად ვაშაძესთან ერთად მნახა. ამის შემდეგ განახორციელა თავდასხმა ისე, რომ ვერბალური ურთიერთობაც არ მქონია მასთან, პროვოცირება მოაწყო იმისა, რაც მოხდა.
ვიდრე ყველა პატრიოტი, ვინც საპყრობილეებშია გამომწყვდეული ამ მთავრობის მიერ, არ დატოვებს საპყრობილეს, ვიბრძოლებთ მათთვის და მათთან ერთად“, - განაცხადა გიგაურმა.
"მე არ ვაღიარებ. თუნდაც, ახლაც რომ შემაბრუნონ, არ ვაპირებ, რამეზე ვიწუწუნო. მე ასე ვთვლი, ციხიდანაც შეიძლება იბრძოლო... პირად ღირსებად მიმაჩნდა, რაც არ გამიკეთებია, ის არ ამეღო ჩემს თავზე, ან ვინმესთვის შეწყალება მეთხოვა. ამ 2 წლის განმავლობაში, ვერც ერთი კონტროლიორი ვერ იტყვის, რომ ცუდად მყოფსაც კი მათთვის დამეძახა, თუნდაც, კბილი მტკივდებოდა, ვითმენდი, ვიდრე არ მოვიდოდა, იქამდე არ ვეძახდი, რომ რაღაც მაწუხებდა. ბევრი განსაცდელი მქონდა, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ვინმესი შემეშინდა, ყოველთვის ვიყავი მოწოდების სიმაღლეზე“, - განაცხადა გიგაურმა.
როგორც ის აღნიშნავს, თავად მას დაესხნენ თავს, თუმცა, ციხეში მაინც ის ჩასვეს.
"ვფიქრობ, რომ სტაბილური ადამიანი ვარ და ამის შესაბამისი აღზრდა მაქვს, შეიძლება სახელმწიფომ მიიღო ამ ჩემს აღზრდაში მონაწილეობა, მაგრამ ისეთი სიტუაცია მოვიდა, როცა სახელმწიფომაც დამსაჯა, სრულიად უკანონოდ 2 წელი გამატარებინა ციხეში, როცა თავს მე დამესხნენ, მე მაწამეს და მე გამატარებინეს 2 წელი ციხეში. მიუხედავად ვიდეომტკიცებულებისა, ჩვენი სიმართლე ვერ დავამტკიცეთ და მოძალადეებმა დამარქვეს მოძალადე, ეს არის ჩემთვის შეურაცხმყოფელი. ადამიანს, რომელსაც ყველაზე დიდი ღირსება და პატივისცემა გააჩნდა მუნდირის წინაშე, სწორედ ამაში დამდეს ბრალი, რომ მუნდირს მივაყენე შეურაცხყოფა, ეს იყო ჩემთვის ყველაზე ამაზრზენი. ძალიან ცუდი სანახავი იყო ყველა მუნდირს უკან დამალული მოღალატე, არაწესიერი და არასინდისიერი ადამიანი და ასევე, იმ მანტიის უკან დამალული "ტიტუშკები“.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა, "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მსჯავრდებულმა ანატოლი გიგაურმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
გიგაურს სასჯელის ვადა დღეს ამოეწურა. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
გიგაურს თავდაპირველად პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას აღნიშნული ბრალდება გადაუკვალიფიცირა და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ცნო დამნაშავედ, რომელიც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.