58 წლის ნიუ-ჰემფშირელი ქალი გენმოდიფიცირებული ღორის თირკმლის გადანერგვიდან 1 წლის თავზე, თავს კარგად გრძნობს. ეს მნიშვნელოვანი სამედიცინო მიღწევაა, რომელიც სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმებს შორის ორგანოების გადანერგვის (ქსენოტრანსპლანტაციის) შესაძლებლობებს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
მიუხედავად იმისა, რომ ღორის ორგანოების ადამიანისთვის გადანერგვა ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ ეტაპზეა, სპეციალისტების შეფასებით, მიღწეული შედეგი იმედს აჩენს, რომ მომავალში გენეტიკურად მოდიფიცირებული ცხოველები ორგანოების უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის თირკმელების მნიშვნელოვან წყაროდ იქცევიან. ეს მათ შესაძლოა დაეხმაროს როგორც დიალიზისგან დროებით თავის არიდებაში, ისე გრძელვადიანი გამოსავლის მიღებაში.
"ეს გვაძლევს დიდ რწმენას, რომ ეს შესაძლებელია - ცხოველის თირკმელებს ფუნქციონირება შეუძლიათ“, - განაცხადა დოქტორმა ლეონარდო რიელამ, მასაჩუსეტსის ბრიგემის ტრანსპლანტაციის ცენტრის თირკმლის ტრანსპლანტაციის კვლევის დირექტორმა, რომელიც პაციენტის მკურნალობას ზედამხედველობს.
აშშ-ში თირკმლის უკმარისობის მქონე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დიალიზზეა დამოკიდებული. ეს პროცედურა თირკმელების ფუნქციას ნაწილობრივ ანაცვლებს და სისხლიდან ნარჩენ ნივთიერებებსა და ჭარბ სითხეს ფილტრავს.
ამასთან, თირკმლის გადანერგვის მოლოდინში დაახლოებით 90 000 პაციენტია. ორგანოების გაზიარების გაერთიანებული ქსელის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში თირკმლის გადანერგვის 26 000-ზე ნაკლები ოპერაცია ჩატარდა. საშუალოდ, ყოველდღიურად 12 ადამიანი თირკმლის გადანერგვის მოლოდინში იღუპება.