ავტორი:

მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს სამართლებრივ დავაზე სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - რა წერია განჩინებაში

მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს სამართლებრივ დავაზე სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - რა წერია განჩინებაში

კიევის სააპელაციო სასამართლომ უკრაინის რადას დეპუტატ ელიზავეტა იასკოსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის დავაზე - სააკაშვილისთვის ალიმენტების დაკისრებასთან დაკავშირებულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რის შედეგადაც იასკომ ამ ეტაპზე სასამართლოს გზით სააკაშვილისთვის ქალიშვილის სასარგებლოდ ალიმენტების გადახდის დაკისრება ვერ შეძლო.

ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "Хабар.Інфо“ წერს:

საქმე იასკოს განცხადებას ეხებოდა, რომლითაც ის კიევის შევჩენკოს რაიონულ სასამართლოს მიმართავდა და სააკაშვილისგან მათი საერთო არასრულწლოვანი ქალიშვილის, ჟასმინის სასარგებლოდ ალიმენტების დაკისრებას ითხოვდა.

რატომ ვერ დააკისრა სასამართლომ სააკაშვილს ალიმენტების გადახდა?

როგორც გამოცემა წერს, ელიზავეტა იასკომ სასამართლოს ჯერ კიდევ აგვისტოში მიმართა და ალიმენტების დაკისრების შესახებ სასამართლო ბრძანების გამოცემა მოითხოვა. თუმცა რაიონულმა სასამართლომ მისი განცხადება არ დააკმაყოფილა.

უარის მიზეზი სააკაშვილის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის ან ყოფნის ადგილის დადგენის შეუძლებლობა გახდა. სასამართლოს განმარტებით, ალიმენტების დაკისრების შესახებ ბრძანების გამოსაცემად აუცილებელი იყო მოპასუხის მისამართის ცოდნა, რადგან გადაწყვეტილება სწორედ ამ მისამართზე უნდა გაგზავნილიყო.

თუ პირის რეგისტრაციის მისამართის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, სასამართლო ბრძანება კანონით გათვალისწინებულ ძალაში ვერ შევა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იასკოს წარმომადგენელმა სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა შედეგი არ შეცვლილა. 16 ნოემბერს კიევის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განჩინება ძალაში დატოვა.

ორივე სასამართლომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ მისამართზე 2015 წლის 11 აგვისტომდე იყო რეგისტრირებული, თუმცა ამ თარიღის შემდეგ რეგისტრაციიდან მოიხსნა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ეს მონაცემები მხოლოდ სააკაშვილის წარსულში რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილსა და რეგისტრაციიდან მოხსნის ფაქტს ადასტურებდა, მაგრამ არ იძლეოდა შესაძლებლობას, დაედგინათ მისი ამჟამინდელი, კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული საცხოვრებელი ან ყოფნის ადგილი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. შესაბამისად, იასკომ სასამართლოს გზით ვერ შეძლო სააკაშვილისთვის მათი საერთო არასრულწლოვანი ქალიშვილის, ჟასმინის სასარგებლოდ ალიმენტების გადახდის დაკისრება.

ალიმენტების გარდა, იასკოს სააკაშვილისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევაც სურს

"Главком“-ის ცნობით, ალიმენტების საკითხი იასკოსა და სააკაშვილს შორის მიმდინარე ერთადერთი სასამართლო დავა არ არის. გამოცემა წერს, რომ დეპუტატმა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლო დავა ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო და ალიმენტების მოთხოვნასთან ერთად მისი მშობლის უფლებების ჩამორთმევასაც ითხოვს.

ამრიგად, ალიმენტების საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ სასამართლომ სააკაშვილისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევის საკითხიც გადაწყვიტა. ეს მეორე, დამოუკიდებელი დავაა.

რა თქვა სააკაშვილმა სასამართლო დავის გასაჯაროების შემდეგ?

მას შემდეგ, რაც იასკოსა და სააკაშვილის სასამართლო დავის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ამჟამად საქართველოში სასჯელს იხდის, განცხადება გაავრცელა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ქალიშვილი ძალიან უყვარს და მისი კეთილდღეობა გულწრფელად აღელვებს.

მისი თქმით, დედამისი, გიული ალასანია, ჟასმინს კიევსა და ევროპის სხვა ქალაქებში რამდენჯერმე ესტუმრა. სააკაშვილის განცხადებით, დედამისი გოგონას ყოველთვიურად ფინანსურად ეხმარებოდა და ამ დახმარებას დღემდე აგრძელებს.

სააკაშვილსვე თქმით, 2022 წელს მისმა ოჯახმა ჟასმინს კიევის ცენტრში ბინა აჩუქა.

შეგახსენებთ, რომ ელიზავეტა იასკომ 2023 წლის 1 ივნისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან გოგონა შეეძინა. 2021-2022 წლებში პოლიტიკოსი ყოფილ საქართველოს პრეზიდენტს საკუთარ დეკლარაციებშიც უთითებდა, როგორც პირს, რომელთანაც ერთად ცხოვრობდა, თუმცა ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა.