ქუთაისიდან ბერლინისკენ გაფრენილი Wizzair-ის ავიარეისი დღეს დილით მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თბილისში დაჯდა. ინფორმაციას Wizzair ადასტურებს.
"Wizz Air ადასტურებს, რომ 2026 წლის 24 ნოემბერს ქუთაისი-ბერლინის მიმართულებით შესრულებული რეისი W6 7909 ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისის მიმართულებით გადამისამართდა.ეკიპაჟმა თავდაპირველად ქუთაისში დაბრუნება სცადა, თუმცა არასახარბიელო მეტეოროლოგიური პირობების გამო უსაფრთხო დაშვება ვერ მოხერხდა.
მომხდარის შედეგად, რეისი W6 7909 ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით, ასევე ბერლინიდან ქუთაისის მიმართულებით დაგეგმილი დაბრუნებითი რეისი, 2026 წლის 25 ნოემბრისთვის გადაიდო.
გადამისამართებული რეისის მგზავრები ავტობუსებით ქუთაისში დაბრუნდებიან, ხოლო ცვლილებებით დაზარალებულ მგზავრებს განახლებული სამგზავრო განრიგის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ", - აცხადებენ ავიაკომპანიაში "მთავარ არხთან".