ავტორი:

"მეგობრობით არ ინიშნება სახელმწიფო დაცვა" - რას ამბობს კობახიძე მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე

"მეგობრობით არ ინიშნება სახელმწიფო დაცვა" - რას ამბობს კობახიძე მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე

მეგობრობით არ ინიშნება სახელმწიფო დაცვა. სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის რეკომენდაცია იყო და ჩვენ გავითვალისწინეთ ეს რეკომენდაცია - პოლიტიკაში არ ბრაზდებიან, პოლიტიკაში იღებენ პრაგმატულ გადაწყვეტილებებს - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც სუს-ის ყოფილი უფროსისთვის, მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას ეხებოდა.

  • როგორც მან აღნიშნა, ასეთ საკითხებზე მსჯელობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და ყველაფერი განისაზღვრება საფრთხის ხარისხის შესაბამისად.

"სახელმწიფო დაცვას რაც შეეხება, ასეთ საკითხებზე მსჯელობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და ყველაფერი განისაზღვრება საფრთხის ხარისხის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურმა მიიჩნია, რომ არ იყო საფრთხის შესაბამისი ხარისხი, თუმცა პერიოდულად შეიძლება გადაიხედოს ეს გადაწყვეტილება და ეს იყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რეკომენდაცია. რაც შეეხება ჩემი და მამუკა მდინარაძის მეგობრობას, მეგობრობით არ ინიშნება სახელმწიფო დაცვა. სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის რეკომენდაცია იყო და ჩვენ გავითვალისწინეთ ეს რეკომენდაცია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან მის ურთიერთობას, კობახიძის განმარტებით, "მათ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ და ეს ლოგიკურია“.

"ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში. მე ვარ მეორე პირი, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და ჩემ შორის,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, კითხვაზე არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი მამუკა მდინარაძეზე გაბრაზებული, კობახიძის თქმით: "პოლიტიკაში არ ბრაზდებიან“.

"პოლიტიკაში არ ბრაზდებიან რომ იცოდეთ, პოლიტიკაში იღებენ პრაგმატულ გადაწყვეტილებებს ყველა ყველა საკითხთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილებები უნდა იყოს დაფუძნებული სამართალზე, კანონებზე. ყველაფერი უნდა იყოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

ბევრ რამეზე ვსაუბრობთ ხოლმე. რაც შეეხება ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, ეს არ არის აქტუალური საკითხი ამ თვალსაზრისით, შესაბამისად, ამ კითხვებს საფუძველი არ აქვს.

მამუკა მდინარაძე არაფერ შუაში არაა ირაკლი ღარიბაშვილთან. რას ნიშნავს შეცდომაში შეყვანა? ანუ დანაშაული არ ჩადენილა და ისეა ადამიანი დაჭერილი? თქვენ რომ რაღაცას აშუქებდით და ჩვენ ჩვენი გუნდის წევრს ვიცავდით, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, მაგრამ ალოგიკური ისაა, როდესაც თქვენ წლების განმავლობაში ამტკიცებდით, რომ ადამიანი იყო დამნაშავე და ახლა მოგინდათ მისი უდანაშაულობის მტკიცება“,- განაცხადა კობახიძემ.

  • კიდევ ერთ კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის, რომ მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ სამომავლოდ სისხლის სამართლის საქმე დაიწყოს, პრემიერის შეფასებით, ამ კითხვას საფუძველი არ აქვს.

"არის კითხვა, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს. ამ კითხვას არანაირი საფუძველი არ აქვს. ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკურ ხელისუფლებას აქვს უფლება, რომ ამაზე [გუნდში გადაადგილებაზე] კომენტარი არ გააკეთოს. როცა შიდა გადაადგილება ხდება გუნდში ჩვენ გვაქვს სრული უფლება რაღაცაზე გავაკეთოთ კომენტარი, რაღაცაზე არ გავაკეთოთ კომენტარი. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, კონკრეტულად რა საფუძვლები ჰქონდა ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, ეს არის შიდა სამზარეულო და გვაქვს უფლება კომენტარი არ გავაკეთოთ“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ყოფილ ვიცე-პრემიერსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა. ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 20 ნოემბრის განკარგულებაში.