ჩვენმა ტელეფონმა იცის, სად დავდივართ და ვის ვეკონტაქტებით. საძიებო სისტემამ იცის, რა ინტერესები, ჩვევები და სურვილები გვაქვს.
მაგრამ რა მოხდება, თუ ტექნოლოგიები იმის გარკვევასაც შეძლებს, თუ რას ვფიქრობთ?
მეცნიერები დღითიდღე უფრო და უფრო ხვეწენ მეთოდებს, რომელთაც ტვინის სიგნალების ჩაწერა და მათში ფიქრებთან, წარმოსახვით გამოცდილებასა და ემოციებთან დაკავშირებული კანონზომიერებების ამოცნობა შეუძლია. ამ მიმართულებას brainreading-ს ანუ „ფიქრების წაკითხვას“ უწოდებენ. მართალია, ტექნოლოგია ჯერ ძალიან შორს არის ადამიანის ფიქრების ზუსტი წაკითხვისგან, მაგრამ ამ მიმართლების განვითარების პოტენციალიც კი უკვე მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს.
„ჩვენ სულ უფრო მეტად შეგვიძლია ტვინის სიგნალების ჩაწერა და მათი ფსიქოლოგიური შინაარსის ინტერპრეტაცია,“ – განმარტავს პიმ ჰაზელაგერი, რედბაუდის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის, კოგნიტური მეცნიერებისა და საზოგადოების ურთიერთკავშირს იკვლევს.
ჰაზელაგერის თქმით, ტვინის აქტივობაზე დაყრდნობით მკვლევრებს უკვე შეუძლიათ გარკვეული ვარაუდების გამოთქმა იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს, წარმოიდგენს ან გრძნობს ადამიანი.
ამ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია ჯანდაცვის სფეროში, სადაც ის ფსიქიკური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში შეიძლება გამოიყენონ. თუმცა, პარალელურად, ამ მიმართულების განვითარებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას იმას, რასაც აქამდე ბუნებრივ მოცემულობად ვიღებდით – ჩვენი ფიქრების კონფიდენციალურობას.
შეიძლება ჩვენი ფიქრები მონაცემების წყაროდ იქცეს?
დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებსა და სახელმწიფოებს ჩვენი ცხოვრების შესახებ უკვე უზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია აქვთ. ამ მონაცემებს თუ ტვინის აქტივობის შესახებ ინფორმაციაც დაემატება, შესაძლოა ჩვენი პირადი ცხოვრების კიდევ უფრო ინტიმური დეტალები გახდეს ხელმისაწვდომი და, ჰაზელაგერის თქმით, ეს ძალიან საშიში იყოს.
სწორედ ამიტომ მსოფლიოში სულ უფრო აქტიურად განიხილება ე.წ. ნეიროუფლებების საჭიროება – უფლებებისა, რომლებმაც ადამიანის მენტალური კონფიდენციალურობა და კოგნიტური თავისუფლება უნდა დაიცვას.
ვინ უნდა აკონტროლებდეს ჩვენი ტვინის აქტივობიდან მიღებულ ინფორმაციას? ვის უნდა ჰქონდეს მასზე წვდომა? და როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სასარგებლო მიზნებისთვის შექმნილი ტექნოლოგიები ადამიანის თავისუფლების შეზღუდვისთვის არ იქნება გამოყენებული?
ეს კითხვები შესაძლოა კიდევ უფრო აქტუალური გახდეს, რადგან ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო ღრმად ინტეგრირდება.
ჰაზელაგერის პროგნოზით, მომავალში AI ნაკლებად შესამჩნევი გახდება. ის აღარ იქნება მხოლოდ ტელეფონებსა და კომპიუტერებში, არამედ ინტეგრირდება ტანსაცმელში, ადამიანის სხეულში და ტვინშიც კი. მკვლევარი ასევე ვარაუდობს, რომ ადამიანებს ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან სულ უფრო მეტად ჩამოუყალიბდებათ პირადი და ინტიმური ურთიერთობები.
და რაც უფრო მეტად ვხდებით ამ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულნი, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება კიდევ ერთი კითხვა: ხელოვნური ინტელექტის სისტემებს ვენდობით, მაგრამ გვესმის კი მათი მუშაობის პრინციპი?
რატომ ვენდობით ხელოვნურ ინტელექტს ასე მარტივად?
ჰაზელაგერის აზრით, ხელოვნური ინტელექტის შესახებ ერთერთი ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენა ისაა, რომ მის პასუხებს ისე აღვიქვამთ, თითქოს ყველაფერი, რასაც გვეუბნება, თავად ესმის. სინამდვილეში კი ხელოვნურ ინტელექტს რეალური გაგება არ აქვს.
„ადამიანები მნიშვნელობებით ვაზროვნებთ, ხელოვნური ინტელექტი კი კორელაციებით მუშაობს,“ – განმარტავს მკვლევარი.
ადამიანისთვის ენა გამოცდილებასა და მნიშვნელობას უკავშირდება, ხელოვნური ინტელექტის სისტემები კი მონაცემებში სტატისტიკურ კანონზომიერებებს ამოიცნობს. ჰაზელაგერის აზრით, ხშირად დამაჯერებელი პასუხების გენერირების უნარს შეცდომით მივიჩნევთ იმის დასტურად, რომ თითქოს AI-ს ესმის, რას ამბობს.
ეს განსაკუთრებით პრობლემური ხდება მაშინ, როდესაც ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას.
თუ ექიმი, იურისტი ან ფინანსური სფეროს სპეციალისტი AI-ის რეკომენდაციას დაეყრდნობა და ეს რეკომენდაცია მცდარი აღმოჩნდება, ვინ იქნება პასუხისმგებელი შედეგზე?
ჰაზელაგერის აზრით, აუცილებელია, რომ ადამიანმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე რეალური ზედამხედველობა შეინარჩუნოს. ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ ცალკეულ პროფესიონალებს არ ეკისრებათ – მას ორგანიზაციები, დამსაქმებლები და ტექნოლოგიების მარეგულირებელი უწყებებიც უნდა იზიარებდნენ.
ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტიც – რომელიც 2024 წელს წარადგინეს და ტექნოლოგიურ წინსვლასთან ერთად, სულ უფრო მეტი ახალი ჩანაწერი ემატება – სწორედ მაღალი რისკის AI სისტემებისთვის ადამიანის ეფექტიან ზედამხედველობას ითვალისწინებს. ის გადაწყვეტილებებზე ადამიანური პასუხისმგებლობის შენარჩუნების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
როგორ შევინარჩუნოთ კონტროლი?
მიუხედავად იმ შესაძლებლობებისა, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი გვთავაზობს, ჰაზელაგერის რჩევა მარტივია:
„შეინარჩუნეთ კონტროლი, განაგრძეთ დამოუკიდებლად ფიქრი და სწავლა.“
მისი აზრით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლებაში; თუ სტუდენტი დავალების დაწერას მთლიანად ხელოვნურ ინტელექტს მიანდობს, შესაძლოა, დრო დაზოგოს, მაგრამ, ამავე დროს, დაკარგავს საკუთარი აზროვნებისა და სწავლის უნარების განვითარების შესაძლებლობას, რაც დავალების მთელი არსია.
იგივე პრინციპი ვრცელდება ჩვენი ცხოვრების სხვა სფეროებზეც, სადაც ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს.
ახლა შესაძლოა, ჩვენი მთავარი გამოწვევა არა უფრო მძლავრი ტექნოლოგიების შექმნაა, არამედ ის, რომ ადამიანებმა ამ ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპის გაგებისა და ეჭვქვეშ დაყენების უნარი და მათი გამოყენების კონტროლის შესაძლებლობა შევინარჩუნოთ. რაც უფრო უახლოვდება ტექნოლოგია ჩვენს სხეულს და, პოტენციურად, ჩვენს ფიქრებსაც, მით უფრო აქტუალური ხდება ეს გამოწვევა.
პიმ ჰაზელაგერი ხელოვნური ინტელექტის, ადამიანის ავტონომიისა და პასუხისმგებლობის საკითხებზე 26-28 ნოემბერს თბილისში, DataFest Tbilisi 2026-ზე ისაუბრებს. ყოველწლიური ფესტივალი წელს მეათედ ტარდება და ქართველ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განიხილავს მონაცემებისა და ახალი ტექნოლოგიების გავლენას საზოგადოებაზე, ბიზნესსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
დასწრების შესაძლებლობაზე ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე www.datafest.ge.
DataFest Tbilisi-ს ორგანიზებას ForSet უწევს.
მთავარი პარტნიორები: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, Loialté, DataMind, IBCCS TAX Georgia
პარტნიორები: ევროკავშირი საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), UN Joint Programme for Gender Equality, შვედეთის საელჩო თბილისში, ნორვეგიის სამეფოს საელჩო თბილისში, SocialLab, EPAM, SmartCLM, სილქნეტი
სპონსორები: სელფი, Strada Group
მხარდამჭერები: Terminal, IMPEL, Techweiz, CyberHUB, AVEO, PowerDataChat, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, Lineate
ქომუნითი პარტნიორი: GAIA, მედიის განვითარების ფონდი (MDF), GeoLab, Smart Academy, Tbilisi School Of Communication, GeoSTQB, Tbilisi AI Meetups, საქართველოს კარიტასი, Axel - Georgia's largest Business Angel Network, საქართველოს რობოტიკის ასოციაცია (GRA), ჩეხეთის ცენტრი თბილისში, Tech Crush
მედიაპარტნიორები: BMG, On.ge, NEXT.On.ge, Formula, Business Formula, IPN.ge, BPN.ge, Marketer, AT.ge, Georgia Today, AINews.ge
R