ვერაზე, გოგებაშვილი ქუჩაზე, ფიზიკური დაპირისპირება 65 წლამდე მამაკაცის გარდაცვალებით დასრულდა. შსს-მ 2 პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულებსა და ერთ-ერთ მამაკაცს შორის, ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა კონფლიქტი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარი დაპირისპირებისას მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ორი პირი ბრალდებულის სახით შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობილი ხდება გარდაცვლილის ვინაობა და ახალი დეტალები. “ტვ პირველის“ ინფორმაციით, ვერაზე, ჩხუბის დროს გარდაცვლილი კაცი 64 წლის მალხაზ თოფურიაა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

კონფლიქტი, რომელიც მამაკაცის გარდაცვალებით დასრულდა, ავტომობილის გაჩერებას მოჰყვა. ადგილობრივების თქმით, “მალხაზ თოფურია გოგებაშვილის ქუჩაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთი რესტორნიდან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე მამაკაცი გამოვიდა და თოფურიას უთხრეს, რომ მისი ავტომობილი მოშორებით გადაეყენებინა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა“.
თოფურიას ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ხელი ჰკრა, მან კი ტროტუარს დაარტყა თავი და ადგილზევე გარდაიცვალა.
იხილეთ ასევე: