ავტორი:

ღამის სპეცოპერაცია, გაწვრთნილი ძაღლები და ავიაცია - ბრიტანეთის პოლიციამ დააკავა 2 მამაკაცი, რომლებმაც პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის რეზიდენციის გაძარცვა სცადეს

ღამის სპეცოპერაცია, გაწვრთნილი ძაღლები და ავიაცია - ბრიტანეთის პოლიციამ დააკავა 2 მამაკაცი, რომლებმაც პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის რეზიდენციის გაძარცვა სცადეს

ნორფოლკის პოლიციამ პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის სააგარაკო სასახლის, Anmer Hall-ის ტერიტორიაზე უკანონო შეჭრისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავა. ინციდენტის დროს სამეფო ოჯახის წევრები ადგილზე არ იმყოფებოდნენ.

ნორფოლკის პოლიციის ცნობით, სამართალდამცავები სანდრინგემის მამულში შემავალ ლოკაციაზე ორშაბათს, 23 ნოემბერს, საღამოს 18:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე ეჭვისშემცველი აქტივობის შესახებ შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ. სამძებრო ოპერაციაში ჩაერთნენ სპეციალური დანაყოფები, კინოლოგები ძაღლებით, დრონები და ეროვნული პოლიციის საჰაერო სამსახურის (NPAS) ვერტმფრენი.

საჰაერო ფრენების მონიტორინგის პლატფორმა Flightradar 24-ის მონაცემებით, პოლიციის თვითმფრინავმა აღმოსავლეთ მიდლენდის აეროპორტი 18:25 საათზე დატოვა და სანდრინგემის მიმდებარედ თითქმის სამი საათის განმავლობაში ასრულებდა ფრენებს.

პოლიციის სპიკერის განცხადებით, ორი მამაკაცი უკანონო შეჭრისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით უშუალოდ მამულის ტერიტორიაზე დააკავეს და ისინი პატიმრობაში რჩებიან.

  • Anmer Hall - 10-ოთახიანი ისტორიული სასახლე და უილიამის ვიზიტი დაუნინგ სტრიტზე

Anmer Hall წარმოადგენს 10-ოთახიან ჯორჯიანული სტილის აგურის სასახლეს, რომელიც პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს ქორწინების შემდეგ დედოფალმა ელისაბედ II-მ აჩუქა. სასახლე, რომელსაც საკუთარი საცურაო აუზი და ჩოგბურთის კორტი აქვს, უელსის პრინცისა და პრინცესას ოჯახისთვის სააგარაკო რეზიდენციის ფუნქციას ასრულებს. ინციდენტის დროს სასახლე ცარიელი იყო. უილიამი, ქეითი და მათი შვილები (ჯორჯი, შარლოტა და ლუი) ძირითად დროს უინძორის მამულში მდებარე Forest Lodge-ში ატარებენ.

სამშაბათს დილით პრინცი უილიამი პირველად ეწვია დაუნინგ სტრიტის N10-ს, სადაც პრემიერ-მინისტრს შეხვდა. დაუნინგ სტრიტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და კენსინგტონის სასახლემ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სამფლობელოებში უცხო პირები იჭრებიან. 2024 წელს ნიღბიანმა პირებმა უინძორის ციხესიმაგრის 6-ფუტიანი ღობე გადალახეს და ფერმის ტექნიკა გაიტაცეს. 2021 წლის შობის დღეს უინძორის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე არბალეტით შეიარაღებული ჯასვანტ სინგ ჩაილი დააკავეს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი დედოფლის მოკვლისკენ მოუწოდებდა; მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

1982 წელს მაიკლ ფაგანმა დედოფალ ელისაბედ II-ის საძინებელში შეღწევა მოახერხა და მონარქთან 10-წუთიანი საუბრის შემდეგ დააკავეს.

წყარო