ავტორი:

ირანში, 74-ჯერ გაამათრახეს 29 წლის მომღერალი, რომელმაც კლიპში ჰიჯაბის გარეშე იმღერა

ირანში, 74-ჯერ გაამათრახეს 29 წლის მომღერალი, რომელმაც კლიპში ჰიჯაბის გარეშე იმღერა

ირანში 29 წლის მომღერალი ქალი, პარასტუ აჰმადი (Parastoo Ahmadi), YouTube-ზე ჰიჯაბის გარეშე ჩატარებული ონლაინ-კონცერტის გამო 74-ჯერ გაამათრახეს. მასთან ერთად განაჩენი აღასრულეს მისი მუსიკალური ჯგუფის ოთხ წევრზეც, რომლებსაც ორი წლით შეეზღუდათ შემოქმედებითი საქმიანობა და ქვეყნის დატოვება.

სასამართლომ მათ ასევე ორწლიანი აკრძალვა დაუწესა ნებისმიერ შემოქმედებით საქმიანობასა და მოგზაურობაზე.

“ინტერნეტში უხამსი და ამორალური კონტენტის გავრცელებითა და საზოგადოებრივი ეთიკის შელახვის“ გამო, ჯგუფი ივნისის თვეში ცნეს დამნაშავედ. მსჯავრდებულთა სააპელაციო საჩივარი ყომის სასამართლომ სექტემბერში უარყო.

29 წლის მომღერალი პარასტუ აჰმადი 2024 წლის დეკემბერში მას შემდეგ დააკავეს, რაც მან YouTube-ზე პირდაპირი ეთერით კონცერტი ჩაატარა. კონცერტის დროს მას ეცვა შავი უსახელო კაბა, ეკეთა ირანის რუკის ფორმის ყელსაბამი და თმა მხრებზე გაშლილი ჰქონდა, ხოლო მასთან ერთად ჯგუფის ოთხი მამაკაცი წევრი უკრავდა. ჯგუფმა შეასრულა პატრიოტული სიმღერა “Az Khoone Javanane Vatan“ (“სამშობლოს ახალგაზრდობის სისხლიდან“), რომლის ვიდეოჩანაწერმაც YouTube-ზე მილიონობით ნახვა დააგროვა. ირანის კანონმდებლობით, ქალებისთვის ჰიჯაბისა და მოკრძალებული სამოსის ტარება სავალდებულოა, ხოლო ქალების საჯარო მუსიკალური გამოსვლები აკრძალულია.

დასავლეთის ქვეყნების მთავრობები და უფლებადამცველი ორგანიზაციები გაშოლტვას წამებად და საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევენ, თუმცა ირანი ბრალდებებს უარყოფს.

ორგანიზაცია “Iran Human Rights“-ის დირექტორმა მაჰმუდ ამირი-მოღადამმა ინციდენტი მკაცრად დაგმო და აღნიშნა, რომ რეჟიმი, რომელიც ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ კრიზისებს ვერ ერევა, ქალს ხმის გამო შოლტავს.

წყარო