ავტორი:

“მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ყოველ დღე ველოდებით პასუხს, მაგრამ ახალი არაფერია“ - რას ჰყვება მამა ფონიჭალაში, აფეთქებისას დაშავებულ ილია ისაევზე

“მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ყოველ დღე ველოდებით პასუხს, მაგრამ ახალი არაფერია“ - რას ჰყვება მამა ფონიჭალაში, აფეთქებისას დაშავებულ ილია ისაევზე

ფონიჭალაში, აფეთქებისას დაშავებული 31 წლის ილია ისაევის მამის ემზარ ისაევის განცხადებით, ოჯახი თბილისში მდებარე ბინას ყურადღებას აქცევდა და ხშირად ჩამოდიოდნენ.

  • როგორც მამაკაცმა განაცხადა, მისი შვილები ზაფხულშიც იყვნენ თბილისში და სექტემბერშიც, მათ საყურადღებო არაფერი შეუნიშნავთ.

"ვიზიარებ მწუხარებას დაღუპულებისთვის, დაზარალებულებისთვის. ძალიან მტკივა გული ყველაფერზე, რაც მოხადა. ჩემი შვილი არც მკვლელია, არც ტერორისტი. სრულიად ადეკვატური ადამიანია. კი, მას ჰქონდა ტრავმა, ყველამ იცის რა ტრავმაც ჰქონდა, სისხლჩაქცევის 5 კერა აქვს თავში, მაგრამ სრულიად ადეკვატური, გულკეთილი და თბილია.

ბოლოს თბილისში სექტემბერში, ალბათ 5 დღის განმავლობაში იყო პენსიის გასაახლებლად. ამონაწერები შეუძლიათ პოლიკლინიკაშიც ნახონ და შუქის ამონაწერებშიც. გადაღებული ჰქონდა “სოჩიკი“ და ვრიცხავდი. მანამდე, ზაფხულში უფროსი ბიჭი იყო ჩამოსული... იანვარშიც ვიყავით აქ.

მე სახლში არანაირი გამათბობელი არ მქონია. კომპანიამაც დაადასტურა, რომ მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა. ჩემი ბიჭი ცენტრალური გათბობის ჩართვას არც ცდილობდა. ალბათ, გაზქურაზე საჭმლის გაკეთება უნდოდა. გაზქურა კიდევ ისეთი მაქვს, ცეცხლი თუ არ უნთია, გაზს კეტავს.

[მომხდართან დაკავშირებით] არანაირი ვერსია არ მაქვს, კითხვები კი მაქვს, იმიტომ, რომ გაზქურა მარჯვენა კუთხეში იყო, აფეთქება კი მოხდა ე.წ. ზალაში, საძინებელში იდეაში. ის ჩაინგრა. რანაირად?! ეს მაინტერესებს.

ღიაც რომ დაეტოვებინა გაზს დანადგარი - გაზქურა, ის კეტავს გაზს. არანაირი გაჟონვა არ უნდა მომხდარიყო. მითუმეტეს, როდესაც შეამოწმეს, თვითონ დაადასტურეს, რომ არანაირი გაჟონვა არ იყო.

ძალიან ცუდი ლაპარაკი მიდის, რომ ჩემი ბიჭი დამნაშავეა. სინამდვილეში, ის დაზარალებულია. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ცვლილებები არ აქვს, სტაბილურად მძიმეა. ყოველ დღე ველოდებით პასუხს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ახალი არაფერია

ბევრი იძახის, შეეწირა, ცოდვა დაედო... რანაირად, მას განგებ არ გაუკეთებია. რანაირად შეეწირა?“ - განაცხადა ემზარ ისაევმა „ფორმულასთან“.

ცნობისთვის, ილია ისაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირი აფეთქდა.

იხილეთ ასევე: