ავტორი:

“კანონმდებლებს ვთხოვ, სუროგაციის უფლება მინიმუმ საქართველოს მოქალაქეებს მაინც დაუტოვონ, ეს იქნება ჰუმანური“ - არსენ გვენეტაძე

“კანონმდებლებს ვთხოვ, სუროგაციის უფლება მინიმუმ საქართველოს მოქალაქეებს მაინც დაუტოვონ, ეს იქნება ჰუმანური“ - არსენ გვენეტაძე

როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ადამიანებმა, ვინც სუროგაციის კანონის შემოქმედი იქნება, ჩემი თხოვნაა მათ მიმართ, რომ მინიმუმ საქართველოს მოქალაქეებისათვის მაინც დარჩეს საშუალება, შვილი იყოლიონ, თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მაინც ექნებათ სუროგაციის ჩატარების უფლება, ვფიქრობ, ეს იქნება ადამიანური, ჰუმანური, კანონიერი და ყველა მხრივ გამართლებული , - ამის შესახებ ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ექიმ-რეპროდუქტოლოგმა არსენ გვენეტაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” სუროგაციის აკრძალვის შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა.

  • გვენეტაძემ იმ შემთხვევებზე ისაუბრა, როდესაც სუროგაცია ერთადერთ გზად რჩება, რათა ქალმა შვილი იყოლიოს.

“ჩვენს კლინიკაში მხოლოდ შარშან 904 ახალი სიცოცხლე შეიქმნა უშვილო წყვილების მკურნალობის შედეგად. აქედან მხოლოდ 15-20% იყო ინვიტრო განაყოფიერებით, დანარჩენი ბუნებრივი გზით. სუროგაციის შემთხვევა, საერთო ჯამში, დაახლოებით ათამდე იყო, აქედან კი ქართველი ხუთი თუ ოთხი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს კლინიკაში, ძირითადად, საქართველოს მოქალაქეებზე ვართ ორიენტირებული და ამიტომ ნაკლებადაა [სუროგაციის შემთხვევა], თუმცა, სადაც ეს პროცესები ხორციელდება, ათასობით ადამიანი ისახება და შემდეგ იბადება, კანონიერად და პატივისცემით ვინც აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი საქმეა. წარმოიდგინეთ, ერთი ადამიანის სიცოცხლის შექმნაც კი მაშინ, როცა ამდენზეა საუბარი, ერთდროულად ადამიანისა და ბუნების, მეცნიერებისა და ღმერთის ნებაა.

მე სამ ძირითად პუნქტს ჩავშლი - პირადად მე კიბო მაქვს გადატანილი და ჩემს კლინიკაში 110 ქალსა და მამაკაცს ძუძუს, ფარისებრი და სათესლე ჯირკვლის კიბო აღმოვუჩინე და ყველა მათგანი დღეს ჯანმრთელია. ახლა მივედით იქ, სადაც ადამიანის უფლება, მათ შორის, სიმსივნეზე გამარჯვებული ადამიანის უფლება მოდის რეალურ ცხოვრებასთან. დღეს უკვე ხშირად, ქალებიც და მამაკაცებიც, როდესაც ონკოლოგიური დაავადების შესახებ გაიგებენ, სანამ მათი რთული გზა დაიწყება, მათ შორის, ქიმიო პროცედურები, თავის ბიოლოგიურ მასალას აბარებენ შესანახად და ყინავენ. არიან პაციენტები, რომლებსაც თავიანთი კვერცხუჯრედი გაყინული აქვთ, რადგან ქიმიოთერაპიებისა თუ სხვა პროცედურების გამო საშვილოსნოს ამოჭრა მოუწიათ. მათთვის დედობის რა შანსი რჩება საკუთარი ბიოლოგიური მასალით? - მხოლოდ სუროგაციის.

პუნქტი მეორე - არიან პაციენტები, რომლებმაც ორსულობის დროს რაღაც გართულებების გამო დაკარგეს საშვილოსნო. აქვთ საკვერცხეები, ახალგაზრდები არიან, აქაც ერთადერთი გზა რჩება მხოლოდ სუროგაციის გზით საკუთარი გენეტიკური შვილის გაჩენა.

პუნქტი მესამე - მყავს პაციენტი, რომელსაც თანდაყოლილი დაავადების გამო არ აქვს საშვილოსნო. მას შენახული აქვს ემბრიონი ჩვენთან და მუშაობს საზღვარგარეთ, ერთ წელიწადში გეგმავდა, რომ სუროგაციის გზით გაეჩინა შვილი, მანამდე კი მატერიალურად ემზადება. მისი შესაძლებლობაც, რომ გახდეს დედა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იმ ადამიანებმა, ვინც იქნება ამ კანონის შემოქმედი, ჩემი თხოვნაა მათ მიმართ, მინიმუმ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის მაინც რომ დარჩეს საშუალება, შვილი იყოლიონ. თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მაინც ექნებათ ამის ჩატარების უფლება, ვფიქრობ, ეს იქნება ადამიანური, ჰუმანური, კანონიერი და ყველა მხრივ გამართლებული”, - განაცხადა არსენ გვენეტაძემ.