საქართველოში კვლავ განხილვის საგანია მინსკში გამართული შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის შორის. თითქმის არავინ დაობს - ხელისუფლების ოპონენტებიც კი ამბობენ, რომ მტერთანაც საჭიროა საკომუნიკაციო არხების არსებობა, თუმცა რამდენად სწორია, ფაქტობრივად, მტრის მოედანზე ყოველგვარი შუამავლის გარეშე პირისპირ დაჯდომა რუსეთთან? - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს:
- გულწრფელად რომ გითხრათ, მაინც მგონია, რომ ეს მინსკის შეხვედრები მოლაპარაკებების შუალედური ვარიანტია. გარკვეული დროის შემდეგ, თუ "ქართულმა ოცნებამ" თავისი საგარეო პოლიტიკა არ შეცვალა, მინსკიდან პირდაპირ მოსკოვში გადავინაცვლებთ. ახლა, უბრალოდ, შუალედური ლოკაცია აირჩიეს, რომ ამას ძალიან მწარე და მძაფრი რეაქცია არ მოჰყოლოდა ქართველ საზოგადოებაში.
"ქართული ოცნების" საგარეო ვექტორი დასავლეთიდან ნელ-ნელა იხრება ჩრდილოეთისკენ და ეს შეხვედრაც ამის შედეგია. რუსეთისთვის ეს ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია - უპირველეს ყოვლისა, პროპაგანდისტული თვალსაზრისით. მათ სჭირდებათ იმის დემონსტრირება, რომ საქართველოსთან ურთიერთობა უმჯობესდება. მინსკში შეხვედრა სწორედ ამას ემსახურება.

გახსოვთ, ალბათ, ზელენსკისთან მოლაპარაკებებზე ან პრეზიდენტების შეხვედრაზე როცა დგება საკითხი, კრემლი მუდმივად ამბობს, კი ბატონო, ჩამოვიდეს მოსკოვშიო - ანუ შენ უნდა ჩახვიდე ურდოში! ამას აქვს არა უბრალოდ გეოგრაფიული, არამედ მკაფიო პოლიტიკური დატვირთვა - ვასალი უნდა ჩავიდეს უზენაეს მბრძანებელთან. აი, ეს არის მთავარი და რუსული პროპაგანდა სწორედ ამას უსვამს ხაზს. საქართველოში ცდილობენ ეს ასე არ წარმოაჩინონ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ჩვენ ნელ-ნელა და თანდათანობით ვხდებით რუსეთის ხელისუფლების დამყოლები. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ასეთი შეხვედრები ძალზე სახიფათოა.
მეორე მომენტია ის, რომ ამის პარალელურად ჟენევის ფორმატი ნელ-ნელა დაკარგავს ძალას. ჟენევის ფორმატი რუსეთს ნამდვილად არ აწყობდა და ახლა მით უფრო არ აწყობს, თუნდაც იმიტომ, რომ იქ საქართველოს გარდა მონაწილეობენ ჩვენი მეგობარი ევროპული ქვეყნები, რომელთაც რუსეთის მიმართ გაცილებით კრიტიკული პოზიცია აქვთ, ვიდრე იმ პერიოდში, როდესაც ეს ფორმატი შეიქმნა.
ბუნებრივია, თუ დღეს ლაპარაკია ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ თემებზე, ეს თანდათან გადავა პოლიტიკურ საკითხებზე. ჯერ ერთი, ეს "ეკონომიკური თემები" რას ნიშნავს? ხომ არ მიდის ლაპარაკი აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე ან როკის გვირაბის ფუნქციონირებაზე? მოკლედ, ბევრი ისეთი საკითხია, რომელთაც საბოლოოდ მივყავართ ჩვენი ორი რეგიონის აღიარებამდე, შეიძლება ფორმალურად არა, მაგრამ არაფორმალურად ეს აღიარება იქნება... ამიტომ არის სახიფათო, რომ ასეთმა საგარეო პოლიტიკამ საბოლოოდ იურიდიულადაც და ფაქტობრივადაც მოსკოვის გავლენაში არ მოგვაქციოს.
- იმ განცხადებებს მინდა დავუბრუნდე, ამ შეხვედრის შემდეგ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ და რუსეთის საგარეო უწყებამ რომ გაავრცელეს. ეს არის ძალიან ზოგადი განცხადებები, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ გარკვეული შეთანხმებები თურმე უკვე მიღწეულია, თუმცა რა იგულისხმება ამის უკან, ჩვენთვის არავის უცნობებია.
- გულწრფელად რომ გითხრათ, მე ჩვენი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის არ მჯერა და არც შეიძლება მჯეროდეს. ამიტომ მხოლოდ იმას ვფიქრობ, ჩვენთვის რამდენად ცუდი შეთანხმებები შეიძლება მიეღოთ. მოკლედ, კარგს არაფერს ველოდები. რუსეთთან მოლაპარაკება ჩვენთვის სასურველ შედეგს არც არასდროს იძლეოდა და არც ახლა მოგვცემს. როდესაც ეკონომიკურ საკითხებზეა ლაპარაკი, დარწმუნებული ვარ, რა თქმა უნდა, არ შეეხება იმას, რომ რომელიღაც კომპანიების ღვინის ექსპორტი შეჩერდა, რომელიმე მეღვინეს ხარისხის პრობლემა შეექმნა, ან ხილის იმპორტ-ექსპორტს. სახიფათო სწორედ ის ორი მიმართულებაა, რაც რუსეთს ძალიან აინტერესებს: აფხაზეთის გავლით რკინიგზის მიმოსვლის აღდგენა, რაზეც "ქართული ოცნებაც" დიდი ხანია ლაპარაკობს, და თუ ეს მოხდა, მოხდება რუსული სცენარით და არა ჩვენით. - ანუ საბაჟო საგუშაგოები დაიდგმება ენგურზეც და ფსოუზეც, რაც, ფაქტობრივად, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს. აი, ეს იქნება ყველაზე მძიმე და რთული მომენტი.
სწორედ ამიტომ არ ლაპარაკობენ მიღწეულ კონკრეტულ შეთანხმებებზე - იციან, რომ ამას ქართველი საზოგადოების ძალიან მძიმე რეაქცია მოჰყვება. ამიტომ აქვთ არჩეული ასეთი ტაქტიკა: ინფორმაცია ნელ-ნელა გამოჟონავს, ნაწილ-ნაწილ, რათა საზოგადოებაში ერთბაშად არ გამოიწვიონ აფეთქება. სხვა მხრივ, ცუდია, რა თქმა უნდა, როდესაც საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში რუსეთი ჭარბობს, მაგრამ ყველა ბიზნესმენმა და ხელისუფალმა უნდა იცოდეს, რომ რუსეთი არასდროს იცავს თავისივე ხელმოწერილ დოკუმენტებსაც კი. მარტო ერეკლე მეორიდან მოყოლებული იმდენჯერ მოგვატყუეს, სათვალავი არეული გვაქვს.
- ექსპერტთა ნაწილი ლაპარაკობს ასეთ სცენარზეც: რუსეთის სტრატეგიული მიზანია, ჯერ საქართველოს აღიარებინოს ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობა (დე ფაქტო და დე იურე), შემდეგ კი, თითქოს ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი გაერთიანების საფუძველზე, საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის ერთიანი კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნა შემოგვთავაზოს. თითქოს ილუზიურად ეს შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სახელით მოხდეს, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ესეც რუსეთის მორიგი ტყუილი იქნება. რას ფიქრობთ ამგვარ სცენარზე?
- სამწუხაროდ, მეც ვფიქრობ, რომ ეს რეალური სცენარია, ოღონდ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რაც ამის გაგრძელებაა: თუ კონფედერაციის შექმნაზე წავალთ, შემოთავაზება მხოლოდ კონფედერაციით არ დასრულდება. ამ მოდელში ჩადებული იქნება კონფედერაციიდან თავისუფალი გასვლის უფლებაც! ასე რომ, ნებისმიერ მომენტში ამ რეგიონებს შეეძლებათ კონფედერაციის დატოვება და რუსეთთან მიერთება. რუსეთის საბოლოო მიზანიც სწორედ ეგ არის - ეს ორი რეგიონი შევიდეს უშუალოდ რუსეთის შემადგენლობაში. სულ ტყუილია ლაპარაკი იმაზე, რომ მათ რაიმე პრივილეგიები ექნებათ. როგორც ახლა დონეცკი და უკრაინის სხვა ოკუპირებული ტერიტორიები გამოაცხადეს რუსეთის ოლქებად, ზუსტად ისევე გამოცხადდება აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის ტერიტორიებად. არ იქნება ლაპარაკი უფლებების გაფართოებაზე ან გაფართოებულ ფედერაციაზე (როგორც ფედერაციაში შემავალ სუბიექტებზე). ლაპარაკი იქნება სწორედ კონფედერაციაზე, სადაც მთავარი მახე ის არის, რომ სუბიექტს ნებისმიერ დროს შეუძლია კონფედერაციის დატოვება. შემდეგ მოვლენები განვითარდება ისე, რომ რუსეთი ამ ტერიტორიებს საბოლოოდ მიიერთებს და ტრადიციულ რუსულ მიწებად გამოაცხადებს... წაიკითხეთ სრულად