ავტორი:

თურქეთში "დიდებული საუკუნის“ ვარსკვლავი დენიზ ჩაქირი დააკავეს - ნარკოტიკების სკანდალი და კვლავ მასშტაბური გამოძიება შოუბიზნესის წარმომადგენლების წინააღმდეგ

თურქეთში "დიდებული საუკუნის“ ვარსკვლავი დენიზ ჩაქირი დააკავეს - ნარკოტიკების სკანდალი და კვლავ მასშტაბური გამოძიება შოუბიზნესის წარმომადგენლების წინააღმდეგ

თურქეთის შოუბიზნესში ახალი სკანდალია - სერიალ "დიდებული საუკუნის“ ვარსკვლავი, მსახიობი დენიზ ჩაქირი ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია ცნობილი თურქი მომღერალი და მსახიობი ოზჯან დენიზიც.

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის რესპუბლიკურმა პროკურატურამ 35 ადამიანის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. 25 ნოემბრის დილის მონაცემებით, მათგან 23 უკვე დაკავებულია. გამოძიებაში თურქეთის გასართობი ინდუსტრიის სხვა ცნობილი სახეებიც ფიგურირებენ, მათ შორის: მსახიობი ბურჯუ ოზბერკი, ტელეწამყვანი მურატ ჯეილანი, მოდელი ჯანსუ თაშქინი და მსახიობი მურატ ბაშოღლუ.

გამოძიებას სტამბოლის რესპუბლიკური პროკურატურის კონტრაბანდის, ნარკოტიკებისა და ეკონომიკური დანაშაულების საგამოძიებო განყოფილება აწარმოებს. საქმე რამდენიმე შესაძლო დანაშაულს მოიცავს: პროსტიტუციას, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ვაჭრობას, მათ მიწოდებას, მოხმარებასა და შენახვას.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში გაანალიზებულია ეჭვმიტანილების ჩვენებები, ინფორმაციის მქონე პირების მიერ მიცემული ჩვენებები, ფარული მოწმეების განცხადებები და ამოღებული მობილური ტელეფონებისა თუ სხვა ციფრული მასალების ექსპერტიზის შედეგები.

გამოძიება გრძელდება.

  • ვინ არის დენიზ ჩაქირი, რომელმაც მაყურებელს შაჰ სულთანის როლით დაამახსოვრა თავი?

დენიზ ჩაქირი თურქული კინოსა და ტელევიზიის ერთ-ერთი ცნობილი მსახიობია. იგი 1982 წლის 31 დეკემბერს, ანკარაში დაიბადა. მსახიობობა ბავშვობიდან სურდა და მოგვიანებით ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტის სახელმწიფო კონსერვატორიის თეატრალური ფაკულტეტი დაამთავრა.

მისი პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა სერიალ "ფოთოლცვენაში“ (Yaprak Dökümü), სადაც ფერჰუნდეს პერსონაჟი განასახიერა. თუმცა საერთაშორისო მაყურებლისთვის მსახიობი განსაკუთრებით ცნობილი ისტორიული სერიალ "დიდებული საუკუნიდან“ გახდა.

ჩაქირმა პოპულარულ პროექტში "დიდებული საუკუნე" შაჰ სულთანის როლი შეასრულა. ის სულეიმან დიდებულის და იყო და სერიალის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი გახდა. მისი მონაწილეობა მაყურებელს განსაკუთრებით დაამახსოვრდა ჰიურემ სულთანთან დაპირისპირების ეპიზოდებით.

მსახიობს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ თურქულ სერიალსა და ფილმში, მათ შორის: "იფეთში“ (İffet), "ბანდიტი ვერ იბატონებს სამყაროში“ (Eşkıya Dünyaya Hükümdar Olmaz) და "უდანაშაულობაში“ (Masumiyet).

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, დენიზ ჩაქირი 2023 წელს ბიზნესმენ ბილგეჰან ბაიქალზე დაქორწინდა.