მომღერალ დიანა ღურწკაიას ცხოვრებაში 2023 წლის მაისში ყველაზე მძიმე ტრაგედია დატრიალდა - მან მეუღლე, პეტრე კუჩერენკო დაკარგა. სამი წლის შემდეგაც კი ქალი აღიარებს, რომ დანაკარგის ტკივილი არ შემსუბუქებია. უფრო მეტიც, ის დღემდე გონებაში ესაუბრება მეუღლეს და ყოველდღიურ ამბებს უზიარებს.
პეტრე კუჩერენკო 46 წლის იყო, როდესაც მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კუბიდან სამუშაო ვიზიტის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებისას, თვითმფრინავის ბორტზე გაუარესდა. იძულებული გახდნენ ავიალაინერი მინერალური წყლების აეროპორტში საგანგებოდ დააესვათ, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ტრაგედია ოჯახისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. დიანა მომხდარს ძალიან მძიმედ განიცდიდა და გარკვეული ხნით საზოგადოებასაც ჩამოშორდა. მოგვიანებით მან ძალა მოიკრიბა და შემოქმედებით საქმიანობას დაუბრუნდა.
ახლა მომღერალი აღიარებს, რომ დროის გასვლას დანაკარგის ტკივილი არ შეუმსუბუქებია.
"მე-4 წელი დაიწყო და ვერ ვიტყვი, რომ რამე შემიმსუბუქდა. საერთოდ არაფერი. არსებობს სიტყვა - გამოუვალი მდგომარეობა. სხვა არჩევანი არ მაქვს. უნდა ვიცხოვრო, წინ წავიდე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემ გვერდით არიან. ჩემი შვილისთვის, ოჯახისთვის, მაყურებლისთვის. პეტრესთვისაც - მასაც ასე ენდომებოდა“, - განაცხადა ღურწკაიამ რუსულ მედიასთან.
მომღერალი ამბობს, რომ მეუღლესთან გონებაში საუბარს დღემდე აგრძელებს და მას ყოველდღიურ ამბებს უზიარებს.
"ის ყოველთვის ჩემთან არის. დილით ვდგები და მას ვესაუბრები. ზოგჯერ სამსახურიდან მოვდივარ და ვუყვები: აი, პეტია, დღეს ესა და ეს მოხდა, შენ რას მეტყოდი?“ - ამბობს დიანა.
დიანასა და პეტრეს ქორწინებიდან ვაჟი, კონსტანტინე შეეძინათ. წყვილი 2005 წელს დაქორწინდა, ორი წლის შემდეგ კი მშობლები გახდნენ. შვილი მათთვის განსაკუთრებით ნანატრი იყო. პეტრეს ვაჟი ძალიან უყვარდა და მის აღზრდაში აქტიურად მონაწილეობდა.

ახლა კონსტანტინე დედისთვის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. მომღერალი ამბობს, რომ მეუღლემ შვილს დიდი სიყვარული და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ღირებულებები დაუტოვა.
"მამამ მასში უდიდესი სიყვარული ჩადო და ყოველთვის ეუბნებოდა: რაც არ უნდა მოხდეს, მთავარი დედაა“, - იხსენებს დიანა.
მომღერალი შვილის აღზრდისას განსაკუთრებულ მეთოდებს არ მიმართავს და მიაჩნია, რომ ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მშობლების სიყვარული და მათი პირადი მაგალითია.
"მთავარია, უბრალოდ გიყვარდეს შენი შვილი და მისთვის სწორი მაგალითი იყო, რადგან ბავშვები ყოველთვის უფროსების ქცევას იმეორებენ. შვილს ყოველთვის ვეუბნები, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი კარგი ადამიანი იყო და ასეთად დარჩე“, - ამბობს მომღერალი.