რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 490,334 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. “როსსტატის“ (Rosstat) გაჟონილი მონაცემები ასახავს, თუ როგორ შეცვალა ომმა სიკვდილიანობის სტრუქტურა რუსეთში და რა უზარმაზარი ფასი გადაიხადა ქვეყანამ კონფლიქტში, რომელიც ვლადიმერ პუტინის ვარაუდით, რამდენიმე დღეს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა უკვე თითქმის ხუთი წელია მიმდინარეობს.
BBC-ის რუსულმა სამსახურმა ბელარუსული ჰაკერული ჯგუფის, Cyber Partisans BY-ისა და უკრაინული Silent Crow-ს მიერ “როსსტატის“ ბაზის გატეხის შედეგად მოიპოვა წვდომა 2021 წლიდან 2026 წლის სექტემბრამდე არსებულ 11 მილიონზე მეტ გარდაცვალების ჩანაწერზე. რუსეთის სტატისტიკის სააგენტომ დაადასტურა კიბერშეტევა, თუმცა მან უარყო დაცული ინფორმაციის გაჟონვა.
BBC-ის რუსულმა სამსახურმა, დამოუკიდებელ რუსულ გამოცემა Mediazona-სთან ერთად, “როსსტატის“ მონაცემები შეადარა ღია წყაროებიდან დადასტურებული დაღუპული სამხედროების საკუთარ სიას და ჩანაწერების 90%-ში სრული თანხვედრა აღმოაჩინა.
გარდა ამისა, მონაცემები ავლენს კონკრეტულ დასახლებულ პუნქტებში გაღებულ უზარმაზარ მსხვერპლს. მაგალითად, დაახლოებით 20 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინის 10 სოფელზე კონტროლის დამყარების მცდელობისას, რომელთა საერთო მოსახლეობა ომამდე სულ 12 000 ადამიანს შეადგენდა. დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტის სამხრეთით მდებარე პატარა სოფელ ანდრიივკასთვის ბრძოლაში 1 122 რუსი სამხედრო დაიღუპა, სადაც ომამდე სულ 74 ადამიანი ცხოვრობდა.
რუსეთი არ აქვეყნებს ოფიციალურ მონაცემებს 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული დანაკარგების შესახებ, ხოლო ორი წლის წინ “როსსტატმა“ შეწყვიტა გარეგანი მიზეზებით სიკვდილიანობის სტატისტიკის გამოქვეყნებაც. გარდა ამისა, ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან რუსეთის არმიაში მებრძოლი დაღუპული ჯარისკაცების მხოლოდ 70% იყო აღრიცხული “როსსტატის“ ფაილებში.
“როსსტატის“ მონაცემთა ბაზა არ შეიცავს სახელებს, თუმცა მოიცავს ასაკს, საცხოვრებელ ადგილს, გარდაცვალების ადგილსა და გარემოებებს.
BBC-მ და Mediazona-მ მონაცემთა გაფილტვრა შემდეგნაირად განახორციელეს:
BBC-ის რუსული სამსახურის მიერ ღია წყაროებით (ოფიციალური ცნობები, სოციალური ქსელები, მემორიალები და საფლავები) დადასტურებული დაღუპულების რაოდენობა ამჟამად 290 012-ს შეადგენს.
“როსსტატის“ მონაცემები ადასტურებს იმ ტენდენციებს, რაც BBC-ის დაკვირვებითაც ვლინდებოდა. ომის პირველ წელს დაღუპულთა საშუალო ასაკი 34 წელი იყო, ხოლო 2025 წლისთვის, პატიმრებისა და კონტრაქტორი ჯარისკაცების მასობრივი ჩართვის გამო, საშუალო ასაკი 40 წლამდე გაიზარდა.
დანაკარგების უდიდესი წილი მოდის აღმოსავლეთ ციმბირის ყველაზე ღარიბ რეგიონებზე. ტუვის, ბურიატეთისა და ზაბაიკალის მხარის მცხოვრები მამაკაცები 20-25-ჯერ უფრო ხშირად კვდებიან ომში, ვიდრე მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მცხოვრებლები.
გარდა ამისა, მონაცემებით დასტურდება სულ მცირე 5 017 უცხოელის დაღუპვა, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ, მათ შორის 1 031 უზბეკისა და 720 ტაჯიკის. ამ ჩამონათვალში არ შედიან ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები, რომლებიც 2024 წელს კურსკის ოლქში იბრძოდნენ. BBC-მ თანამგზავრული ფოტოებისა და ფხენიანში ახლად გახსნილი მემორიალის ანალიზით დაადგინა დაღუპული ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო მომსახურეების რიცხვი - 2 304.
სამხედრო ექსპერტების შეფასებით, BBC-ის მიერ ღია წყაროებით დადასტურებული 290 012 დაღუპული შესაძლოა რეალური დანაკარგების 45-55%-ს შეადგენდეს, რაც საერთო ჯამში 527,295-დან 644,471 დაღუპულამდე მერყეობს.
რაც შეეხება უკრაინის დანაკარგებს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2026 წლის ივლისში დაღუპულთა რაოდენობად დაახლოებით 50 000 დაასახელა, თუმცა დამოუკიდებელი პროექტი UA Losses ღია წყაროებზე დაყრდნობით დაღუპულთა რიცხვს 115 952-ად აფასებს.