კოლუმბიის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ტურისტულ ქალაქ კართახენაში შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირებმა სუპერმარკეტში სულ მცირე 20 ადამიანი მძევლად აიყვანეს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც თავდამსხმელებმა ჯავშანტრანსპორტიორის (ინკასაციის ავტომობილის) გაძარცვა სცადეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელებს თავდაპირველად 30 ადამიანი ექციათ მძევლად, თუმცა მოგვიანებით 10 მათგანი გაათავისუფლეს, მათ შორის ხანდაზმული ქალები და ერთი ბავშვი.
პრეზიდენტმა დე ლა ესპრიელიამ მათ “რიგითი დამნაშავეები“ უწოდა და აღნიშნა: “ჩვენი უსაფრთხოების ძალების ყველა შესაძლებლობა, მათ შორის სპეციალური დანაყოფები, უკვე ამოქმედებულია“.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ გარბის ათეულობით ადამიანი კართახენას ლა კასტელიანას უბანში მდებარე Exito-ს სუპერმარკეტიდან. სხვა კადრებში ჩანდა, რომ მძევლები სუპერმარკეტის ფანჯრებთან მუხლებზე იყვნენ დაჩოქილნი, ხოლო მათი ხელები, სავარაუდოდ, შეკრული იყო.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებების ხმაც ისმოდა.
სუპერმარკეტის გარეთ მობილიზებულნი იყვნენ შეიარაღებული პოლიციელები, ხოლო ახლომდებარე შენობების სახურავებზე სნაიპერები დააფიქსირეს.
კართახენა კოლუმბიის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორი სტუმრობს. მომხდარი ინციდენტის შემდეგ, შეიარაღებულმა ძალებმა ერთ-ერთი ასაფრენი ბილიკი გამოიყენეს, რის გამოც კართახენას რაფაელ ნუნიესის აეროპორტში თვითმფრინავების დაჯდომა დროებით შეჩერდა. აეროპორტში ფრენების მიღება შეჩერებიდან დაახლოებით 45 წუთში აღდგა.