ავტორი:

თვის მიწურულს ორიოდე დღით დათბება, თუმცა ამინდი მალევე საგრძნობად გაუარესდება - როგორი ამინდი გველის დეკემბერში?

თვის მიწურულს ორიოდე დღით დათბება, თუმცა ამინდი მალევე საგრძნობად გაუარესდება - როგორი ამინდი გველის დეკემბერში?

ნოემბრის ბოლო დღეებში საქართველოში ამინდი საგრძნობლად შეიცვალა. შედარებით თბილი პერიოდის შემდეგ ქვეყანაში ტემპერატურა დაეცა, გაძლიერდა ქარი და ზოგიერთ რეგიონში ნალექი მოვიდა. მაღალმთიან ზონებში, მათ შორის გომბორზეც, თოვლი დაფიქსირდა.

რა გახდა ამინდის ცვლილების მიზეზი, როდის გამოიდარებს და როგორი ამინდი გველოდება დეკემბრის დასაწყისში?

ამ საკითხებზე Ambebi.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე ესაუბრა

  • რა გახდა ამინდის მკვეთრი ცვლილების მიზეზი?

"ნოემბერი უკვე შემოდგომის ბოლო თვეა და ზამთარს ვუახლოვდებით. ამ პერიოდში, მით უმეტეს, ბოლო დღეებში, მაღალმთიან ზონაში თოვლი უჩვეულო არ არის. საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი ჰაერის მასები შემოვიდა, რამაც ამინდის ცვლილება გამოიწვია. სწორედ ამის შედეგია ტემპერატურის კლება, ქარი და ნალექი“, - განმარტავს ხათუნა ქოქოსაძე.

  • როდის გამოიდარებს საქართველოში?

"დღეს ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ხვალ კი წვიმიანი ამინდი დასავლეთ საქართველოში გაგრძელდება. აღმოსავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში კი უკვე გამოიდარებს. თვის ბოლომდე, შაბათ-კვირის ჩათვლით, მთლიანად საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

27-28 ნოემბერს ტემპერატურა საკმაოდ მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში შესაძლოა 18-19 გრადუსამდე გათბეს, სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე კი ტემპერატურამ 20 გრადუსსაც მიაღწიოს. მთიან რაიონებში დაახლოებით 13-14 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოშიც ტემპერატურა მოიმატებს და დაახლოებით 17 გრადუსს მიაღწევს, მათ შორის თბილისშიც“.

  • სად არის მოსალოდნელი თოვლი და რა ვითარებაა თბილისში?

მომდევნო დღეებში დედაქალაქსა და კახეთში თოვლი მოსალოდნელი არ არის. როგორც ხათუნა ქოქოსაძე აღნიშნავს, თოვლის ალბათობა შიდა ქართლის ზოგიერთ რაიონში უფრო მაღალია.

"თბილისში და კახეთში თოვლს არ ველოდებით. შიდა ქართლში, სადაც კლიმატურად უფრო ცივი რეგიონებია, შესაძლებელია თოვლი მოვიდეს. თოვლი იქნება მთასა და მაღალმთიან ზონაშიც“, - ამბობს ხათუნა ქოქოსაძე.

  • როგორი ამინდი იქნება დეკემბრის დასაწყისში?

"30 ნოემბრიდან და დეკემბრის დასაწყისში კვლავ ნალექიანი ამინდები იქნება. დაბლობ რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი, მთასა და მაღალმთიან ზონებში კი თოვლი. ამასთანავე, ტემპერატურაც დაიკლებს“.

რაც შეეხება მთლიანად დეკემბერს, კლიმატური პროგნოზის მიხედვით, ტემპერატურა ძირითადად ნორმის ფარგლებში იქნება.

"დეკემბერში ტემპერატურა და ნალექების რაოდენობა დაახლოებით ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა შესაძლოა ნორმაზე ოდნავ მაღალი იყოს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ნორმის ფარგლებში შენარჩუნდეს“, - განმარტავს ხათუნა ქოქოსაძე.