“ამ ეტაპზე ჩემი პროფესიული ცხოვრება რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. მსახიობობა ჩემთვის კვლავ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობაა. პარალელურად, მაინტერესებს ახალი შემოქმედებითი შესაძლებლობები და პროფესიული განვითარება. ყოველთვის ვცდილობ, არ გავჩერდე ერთ კონკრეტულ ფორმატში და საკუთარ თავს ახალი გამოწვევები შევთავაზო,“ - გვეუბნება მსახიობი ვიკა კალანდია, რომელიც სულ აქტიური, სიახლეების ძიების პროცესში მყოფი ადამიანია.
ambebi.ge-მ მასთან მორიგი ინტერვიუ ჩაწერა. მსახიობი ამჯერად გულწრფელად და საინტერესოდ ლაპარაკობს თავის პროფესიაზე პროფესიაზე, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში აირჩია.

- ჩემი ბავშვობა ძალიან ლაღი და ბედნიერი იყო … საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ვიყავი, რომლებიც ძალიან მათამამებდნენ... ბავშვობიდან სარკესთან, ეზოში თუ სახლში, სულ სხვადასხვა პერსონაჟებს ვთამაშობდი... კოსტიუმები - მშობლების გარდერობიდან იყო, რეკვიზიტები - აბსოლუტურად ყველაფერი, რაც სახლში მოგვეპოვებოდა, დარბაზი, დამსწრე საზოგადოება - ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები, აპლოდისმენტები, ყვავილები, - ყველაფერი იყო... სახლში პატარა თეატრი მქონდა მოწყობილი...
- როგორ გაიხსენებ მომენტს, როცა მიხვდი, რომ მსახიობობა შენი მთავარი პროფესია იქნებოდა? იყო თუ არა კონკრეტული როლი ან სპექტაკლი, რომელმაც ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ გაგიმყარა?
- როგორც უკვე აღვნიშნე, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ეს იყო ჩემი გზა. არასდროს მქონია განცდა, რომ მსახიობობა, უბრალოდ, ერთ-ერთი შესაძლო პროფესია იყო. რა თქმა უნდა, გზად უამრავი სირთულე შემხვედრია, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, სადაც მსახიობის პროფესიული ცხოვრება მარტივი ნამდვილად არ არის. მიუხედავად ამისა, ჩემთვის ყოველთვის არსებობდა ერთი ძალიან მკაფიო განსხვავება: სხვა საქმეებს მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ვაკეთებდი, მსახიობობა კი ის საქმეა, რომლის კეთებაც არასდროს მეზარება და ყოველთვის დიდი სიამოვნებით და ენთუზიაზმით ვაკეთებ. ჩემს პროფესიაში მთავარი გულწრფელობაა...
- “თეატრალურის“ დამთავრების შემდეგ რა გეგმები დასახე და იქიდან რა შეასრულე?
- სწავლის დასრულება ჩემთვის დასაწყისი იყო და არა რაიმე ეტაპის დასასრული. მსახიობისთვის განათლება არასდროს სრულდება. რაც უფრო მეტს სწავლობ, მით უფრო ხვდები, რამდენი რამ გაქვს ჯერ კიდევ აღმოსაჩენი... დღემდე მიმაჩნია, რომ პროფესიულ განვითარებას დასასრული არ აქვს. ნიუ-იორკში სწავლის გადაწყვეტილებაც სწორედ ამ სურვილიდან მოდიოდა - მინდოდა, საკუთარი თავი სხვა გარემოში გამომეცადა, ახალი გამოცდილება მიმეღო და ჩემი პროფესიული შესაძლებლობები გამეფართოებინა.
- სერიალმა “ჩემი ცოლის დაქალები“ პოპულარობა მოგიტანა. რამდენად რთულია მსახიობისთვის ერთ კონკრეტულ, პოპულარულ პერსონაჟთან ასოცირება და როგორ ახერხებ, რომ მაყურებელმა სხვა ამპლუაშიც დაგინახოს?
- პოპულარობას თავისი სპეციფიკა აქვს. როდესაც მაყურებელს კონკრეტული პერსონაჟით უყვარდები, ბუნებრივია, მას შენთან გარკვეული ასოციაცია უყალიბდება. თუმცა ჩემთვის მსახიობობა სწორედ ის არის, რომ არ შემოვიფარგლო ერთი ტიპაჟით.
არასდროს მინდოდა, ერთ პერსონაჟს განესაზღვრა ჩემი, როგორც მსახიობის, შესაძლებლობები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება. მინდა, სხვადასხვა ხასიათის, განსხვავებული შინაგანი სამყაროს მქონე ადამიანები ვითამაშო. მჯერა, რომ მსახიობმა საკუთარ თავს არ უნდა დაუწესოს საზღვრები. პირიქით, მუდმივად უნდა ეძებოს ახალი ფერები, ახალი ემოციები და ახალი გამოწვევები. თუმცა “ჩემი ცოლის დაქალები“ ჩემთვის განსაკუთრებული პროექტია... სუპერ პროფესიონალები ქმნიან ამ სერიალს და ამიტომაც შეიყვარა მაყურებელმა სერიალიც და ჩვენი პერსონაჟებიც...
- სცენაზე თამაშსა და კამერის წინ მუშაობას შორის შენთვის სად გადის ზღვარი? სად უფრო მეტად გრძნობ თავს “შინ“?
- კინო და თეატრი ჩემთვის ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა თეატრს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში... თეატრში ყველაფერი “აქ და ახლა“ ხდება. ყოველი სპექტაკლი განსხვავებულია, ახალი ემოციებით, ახალი ექსპერიმენტებითა და განსხვავებული მდგომარეობებით. ეს პროცესი მართლაც ჯადოსნურია.
კამერის წინ მუშაობას თავისი განსაკუთრებული ენა აქვს. ორივე ფორმა მსახიობისგან განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს, მაგრამ საბოლოოდ ორივეგან მთავარი გულწრფელობაა. მაყურებელმა უნდა დაიჯეროს ის, რასაც აკეთებ.

- როცა ახალ პერსონაჟს იღებ, საიდან იწყებ მის აწყობას - გარეგნული დეტალებიდან, მანერებიდან თუ შინაგანი მოტივაციიდან?
- ჩემთვის მნიშვნელოვანია გავიგო, ვინ არის ის ადამიანი, რას მალავს, რა უჩუყებს გულს, რაზე ბრაზდება, რისი ეშინია და რა ამოძრავებს... არ მაინტერესებს მხოლოდ ის, როგორ დადის ან როგორ ლაპარაკობს პერსონაჟი. მინდა გავიგო, რატომ იქცევა ასე. სანამ ამ კითხვებზე პასუხებს არ ვიპოვი, პერსონაჟის შექმნას დასრულებულად ვერ მივიჩნევ. შემდეგ უკვე მოდის გარეგნული მხარე, მანერები, ჟესტები და სხვა დეტალები. თითოეულ პერსონაჟს ჩემი ფერები უნდა შევმატო, ხან - მკვეთრი, ხან - ნაკლებად მკვეთრი. მთავარია, ის ცოცხალი და ნამდვილი ადამიანი გახდეს.
- საკუთარი თავის მიმართ მკაცრი ხარ? შეგიძლია შენი ნამუშევრის ეკრანზე ყურება ისე, რომ ყოველი დეტალი არ გააკრიტიკო?
- არა, არ შემიძლია, არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ ძალიან თვითკრიტიკული ვარ. გულწრფელად ვამბობ, რომ კმაყოფილი საკუთარი თავით მგონი, არასდროს ვყოფილვარ.
- ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა როლზე უარი გითქვამს და მერე გინანია, ან პირიქით - რაღაც პროექტში მონაწილეობა თავიდან სარისკოდ გეჩვენებოდა, მაგრამ საბოლოოდ საუკეთესო გამოცდილებად იქცა?
- არა, არასდროს მინანია, ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვთანხმდები შემოთავაზებას თუ პროექტი საინტერესოა, კარგი რეჟისორი იღებს ან დგამს... ყოფილა ისეთი როლები, რომლებსაც დღეს აღარ დავთანხმდებოდი, მაგრამ არა უშავს… ალბათ მაინც გარკვეული ტიპის გამოცდილება მივიღე...

- ამერიკაში სამსახიობო მიმართულებით პროფესიულად მეტად დაოსტატების მიზნით სასწავლებლად იყავი წასული. მოგვიყევი ამის შესახებ. რა გამოცდილება იყო ის?
- ნიუ-იორკში წასვლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიული ნაბიჯი იყო. ვსწავლობდი Terry Knickerbocker Studio-ში, რომელიც მსახიობისთვის საკმაოდ საინტერესო და ინტენსიურ გამოცდილებას წარმოადგენს. ეს იყო შესაძლებლობა, სრულიად სხვა გარემოში მემუშავა საკუთარ თავზე, შემესწავლა ახალი მიდგომები და საკუთარი შესაძლებლობები სხვანაირად დამენახა.
ნიუ-იორკში ძალიან საინტერესოა ის, რომ იქ არავის აინტერესებს, ვინ იყავი იქამდე. მნიშვნელოვანია, ვინ ხარ ახლა და რას აკეთებ. ეს გარემო გაიძულებს, საკუთარ თავს სხვა თვალით შეხედო.
სეზონის საუკეთესო სტუდენტად დასახელება ჩემთვის სრულიად მოულოდნელი და სასიამოვნო იყო. გულწრფელად რომ ვთქვა, სხვა სტუდენტებიც ძალიან მომწონდნენ და არ ველოდი, რომ სწორედ მე გამომარჩევდნენ. ძალიან გამიხარდა ეს აღიარება.
თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის გამოცდილებაა, რომელიც მივიღე. სწავლა და განვითარება არასდროს უნდა შეწყვიტო.
- გადაღებებისა და რეპეტიციების გარდა, რა არის ის საქმე ან ჰობი, რომელიც ყველაზე კარგად გეხმარება განტვირთვასა და ენერგიის აღდგენაში?
- ვარჯიში და ფილმების ყურება.
- რამდენად კომფორტულად გრძნობ თავს ყურადღების ცენტრში ყოფნისას? სად გადის შენთვის ზღვარი საჯაროობასა და პირად სივრცეს შორის?
- იცით რა არის, როდესაც ჩემი პროფესიული საქმიანობით ყურადღების ცენტრში ვექცევი, არანაირ დისკომფორტს ამ დროს არ ვგრძნობ, პირიქით... ეს ჩემი პროფესიის თანმხლებია... თუმცა პირადი საზღვრები არსებობს და მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი კადრს მიღმა ცხოვრება ჩემთვის დავიტოვო.
- მაყურებელი და შენ - რას იტყვი მასზე? სწორად შეუძლია მას არტისტის ნამუშევრის შეფასება?
- მაყურებელი ნებისმიერი არტისტის შემოქმედებითი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. საბოლოოდ, ხელოვნებას მაყურებელთან აქვს დიალოგი.
თუმცა ვფიქრობ, ხელოვნება მხოლოდ შეფასებისთვის არ იქმნება. ის კითხვებს უნდა აჩენდეს, ემოციებს უნდა იწვევდეს და ზოგჯერ შეიძლება ადამიანისთვის სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობაც გახდეს.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაყურებელმა ნამუშევარი იგრძნოს და არა მხოლოდ შეაფასოს. ყველა ადამიანს საკუთარი გამოცდილება, გემოვნება და აღქმა აქვს და ეს მრავალფეროვნება ხელოვნებისთვის ძალიან საინტერესოა.
- რა არის შენი ყველაზე დიდი სურვილი?
- ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, არასდროს დავკარგო ის შინაგანი ძალა და ინტერესი, რომელიც ამ პროფესიისკენ მამოძრავებს. მინდა, მუდმივად მქონდეს განვითარების, ახალი ადამიანების აღმოჩენისა და საინტერესო ისტორიების მოყოლის შესაძლებლობა.
არ მინდა, ერთ ადგილას გავჩერდე. მინდა, როგორც ადამიანი და როგორც მსახიობი, მუდმივად ვვითარდებოდე.
და, რა თქმა უნდა, მინდა, ვიცხოვრო ისეთ გარემოში, სადაც ხელოვნებას, თავისუფლებას და ადამიანის ღირსებას სათანადო ადგილი ექნება. სადაც ხელოვანებს შეეძლებათ თავისუფლად მუშაობა და საკუთარი სათქმელის გამოხატვა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის, რასაც ვაკეთებ, რაღაცას ცვლიდეს, ადამიანამდე მიდიოდეს და უბრალოდ ეკრანზე გამოჩენით არ შემოიფარგლებოდეს.
- რა არის ის, რაც არასდროს შეგაჩერებს?
- ჩემი პროფესიის მიმართ სიყვარული. შეიძლება ბევრჯერ გაგიჩნდეს კითხვა, ღირს თუ არა გაგრძელება, აქვს თუ არა აზრი ამდენ შრომას, მაგრამ ჩემთვის პასუხი ყოველთვის ერთია - დიახ, აქვს. ვიდრე ფიზიკურად შევძლებ, ვერაფერი და ვერავინ შემაჩერებს.