ფლორიდაში, კერძოდ ქალაქ ორლანდოში მდებარე ჰალალის სასაკლაოს 6 თანამშრომელი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაწესებულებაში ცხოველებს განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ. ერთ-ერთ ვიდეოში კი ჩანს, როგორ აიძულებენ 12 წლის ბიჭს, პატარა ცხვარი დაკლას. ფლორიდის გენერალურმა პროკურორმა მომხდარს ცხოველების მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა უწოდა.
სამართალდამცველებმა სასაკლაოს ჩხრეკა პარასკევს ჩაატარეს. დაკავებულებს შორის კომპანიის მენეჯერიცაა, ოთხი მათგანი კი, პროკურატურის ცნობით, აშშ-ში არალეგალურად იმყოფებოდა.

გამოძიება ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია Animal Outlook-ის მიერ წარდგენილ საჩივარს მოჰყვა. ორგანიზაციამ სამართალდამცველებს 2025 წლის აგვისტოში მიმართა, მას შემდეგ, რაც ვიდეომასალა მოიპოვა - მასში მუსლიმური დღესასწაულის, ეიდ ალ-ადჰას აღნიშვნისას გამართული ღონისძიება იყო ასახული. ღონისძიების ფარგლებში მომხმარებლებს ცხოველების შეძენა და მათ დაკვლაში თავად მონაწილეობა შეეძლოთ.
“ეს არ იყო ტიპური ყასაბის მაღაზია. ეს იყო ადგილი, სადაც ცხოველების წამებისა და მათ მიმართ უკიდურესი სისასტიკის შემთხვევებს ჰქონდა ადგილი. ის, რაც ამ ვიდეოებში ჩანს, მხოლოდ ბოროტებად შეიძლება შეფასდეს“, - განაცხადა მან.
ვიდეომასალაში ჩანს ყელგამოჭრილი ცხვრები და ბატკნები, რომლებსაც სისხლის გამოსაშვებად თავდაყირა ჰკიდებენ. კადრებში ასევე ჩანს, როგორ სცემენ თანამშრომლები ცხოველებს, უხეშად ექცევიან და მძიმე დაზიანებებს აყენებენ.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სასაკლაოზე ცხოველებს ჰალალის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით კლავდნენ. ისლამური წესების მიხედვით, დაკვლის პროცესში ცხოველებს ჰუმანურად უნდა მოექცნენ. პროკურატურის მტკიცებით, დაწესებულებაში არც ეს მოთხოვნები და არც ფლორიდის კანონმდებლობით დადგენილი ცხოველთა დაცვის ნორმები არ სრულდებოდა.
სპეციალური პროკურორის თანაშემწემ, ლორინ დეიმ, განმარტა, რომ საქმე რელიგიურ პრაქტიკას არ უკავშირდება.
“რელიგიური შეხედულებები არავის აძლევს უფლებას, უგულებელყოს ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონები ან ცხოველებს ზედმეტი ტანჯვა მიაყენოს“, – განაცხადა მან.