ავტორი:

თანასოფლელები უჩივიან ბრიტანელ ბარონს, რომელმაც თავისი ეზო უსახლკარო ადამიანს საცხოვრებლად დაუთმო...

თანასოფლელები უჩივიან ბრიტანელ ბარონს, რომელმაც თავისი ეზო უსახლკარო ადამიანს საცხოვრებლად დაუთმო...

ინგლისის სოფელ ტოფტ მონკსში, ადგილობრივები ისტორიული ტიტულის მფლობელ სერ ნიკოლას ბეიკონს დაუპირისპირდნენ. ბარონმა უსახლკარო მამაკაცს საკუთარ მამულში, სოფლის მწვანე ტერიტორიის მახლობლად, სამი კარვის გაშლის უფლება მისცა. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, მამაკაცის ქცევა მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ართულებს.

სერ ნიკოლას ბეიკონი, რომელსაც ინგლისში ერთ-ერთი უძველესი ბარონეტის ტიტული ეკუთვნის, 50 წელს გადაცილებულ მამაკაცს რავენინგჰემ ჰოლის მე-18 საუკუნის მამულის ტერიტორიაზე დარჩენის უფლებას აძლევს. სოფლის მცხოვრებლების თქმით, მას შემდეგ არაერთი უსიამოვნო შემთხვევა მოხდა.

ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ მამაკაცი ხშირად ყვირის, უხამს სიტყვებს იყენებს და მეზობლების ეზოებშიც გადაადგილდება. მათი თქმით, ერთ-ერთ კარავს საპირფარეშოდ იყენებს, ბანაკის გარშემო კი ნაგვის ტომრებია დაგროვილი. რამდენიმე ქალმა განაცხადა, რომ კარვებთან გავლას ერიდება, რადგან მამაკაცის არაპროგნოზირებადი ქცევის ეშინია.

  • დაძაბულობის ფონზე, 12 ოქტომბერს, წმინდა მარგარეტის ეკლესიაში ადგილობრივებმა საჯარო შეხვედრა გამართეს. მათ უკმაყოფილება გამოთქვეს და სერ ნიკოლასს მოუწოდეს, მამაკაცისთვის მამულის სხვა, სოფლისგან მოშორებულ ნაწილში მოეძებნა ადგილი.

ადგილობრივების პრეტენზიებს სერ ნიკოლასმა ელექტრონული წერილით უპასუხა, თუმცა მისმა გზავნილმა უკმაყოფილება კიდევ უფრო გააძლიერა - ბარონი მათ მეტი თანაგრძნობის გამოჩენისკენ მოუწოდებდა და განმარტავდა, რომ მამაკაცს, სავარაუდოდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და თავს მარტოსულად გრძნობს.

“ის, ალბათ, საშინლად მარტოსულია და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს. თქვენ საუბრობთ ადგილობრივების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რასაც ვაფასებ, თუმცა თქვენ გაქვთ ის, რაც მას არ აქვს: ერთმანეთი, საზოგადოება და სახლები“, - წერდა ბეიკონი.

“მესმის, რომ შეშინებულები ხართ და თქვენს განცდებს პატივს ვცემ. თუმცა, არ მიმაჩნია, რომ გამოსავალი ერთი წლის განმავლობაში ასეთ პირობებში ლოდინია. სიტუაციას პოლიციასთან და ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურებთან ერთად გავაკონტროლებთ“, - ნათქვამია მის წერილში.

მამაკაცი სოფელში რამდენიმე დღეა არ უნახავთ. მისი ერთ-ერთი ნათესავის ინფორმაციით, ის ამჟამად ნორვიჩის მახლობლად, ჰელესდონის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში იმყოფება. მის კარვებსა და წითელ ავტომობილს, “რენო კლიოს“, მამულის ტერიტორიაზე კვლავ ნახავთ.

სერ ნიკოლას ბეიკონი ოთხი შვილის მამა და ყოფილი ადვოკატია. ის ბეიკონების ბარონეტთა ისტორიული ტიტულის მფლობელია, რომლის ისტორია 1611 წლიდან იწყება. ბარონეტი წლების განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ თანამდებობას იკავებდა. ის სამეფო მებაღეობის საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტია. 2019 წელს ნორფოლკის საზოგადოებისთვის გაწეული სამსახურისთვის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცრის წოდება მიენიჭა, 2023 წელს კი სამეფო ვიქტორიანული ორდენის რაინდ-კომანდორი გახდა. იმავე წელს მეფე ჩარლზ III-ის პირად თანაშემწედაც დაინიშნა.

წყარო