ავტორი:

ცნობილი ბეჰემოთი “ფიონა“ ვიზიტორის ქუდის გადაყლაპვის შემდეგ დაიღუპა - თვითმხილველი ჰყვება, თუ რა მოხდა საბედისწერო დღეს

ცნობილი ბეჰემოთი “ფიონა“ ვიზიტორის ქუდის გადაყლაპვის შემდეგ დაიღუპა - თვითმხილველი ჰყვება, თუ რა მოხდა საბედისწერო დღეს

ცინცინატის ზოოპარკის ცნობილი ბეჰემოთი, ფიონა, ვოლიერში ქუდის გადაყლაპვის შემდეგ დაიღუპა. ქუდი მის წვრილ ნაწლავში გაიჭედა. ვეტერინარებმა ცხოველის გადარჩენა ვერ შეძლეს.

კევინ ბლეინი 6 ნოემბერს მეუღლესთან ერთად ცინცინატის ზოოპარკში იმყოფებოდა. წყვილმა დღის ბოლოს ფიონას ვოლიერთან მისვლა გადაწყვიტა. ბლეინის თქმით, იქ დაახლოებით 12 ადამიანი იყო შეკრებილი. მან მაშინვე შენიშნა პატარა ბიჭი, რომელიც ტიროდა.

თვითმხილველის თქმით, ბავშვი დაახლოებით შვიდი წლის იყო. როდესაც ბლეინი და მისი მეუღლე ადგილზე მივიდნენ, ბიჭს უკვე ვიღაც ქალი აცილებდა. ბლეინმა გაიგონა, როგორ ცდილობდა ქალი მის დამშვიდებას და ეუბნებოდა, რომ ახალ ქუდს უყიდდა.

ბლეინმა და მისმა მეუღლემ მომხდარის შესახებ ზოოპარკის ორ თანამშრომელს შეატყობინეს. ფიონას გარდაცვალების შესახებ კი რამდენიმე დღის შემდეგ გაიგო.

  • “შემეძლო რამე სხვაგვარად გამეკეთებინა? ცხადია, არა“, - თქვა მან. “როცა ამაზე ვფიქრობ, ყველაფერი დაუჯერებლად მეჩვენება. წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ჩემს თვალწინ ტრაგედია ვითარდებოდა“.

ფიონას დაღუპვის შემდეგ ზოოპარკმა ბეჰემოთების ვოლიერში უსაფრთხოების ახალი ზომები მიიღო. ზოოპარკის დირექტორის, დეივ ჯენიკეს განცხადებით, ცვლილებების მიზანი მსგავსი შემთხვევის თავიდან აცილებაა.

“სანახავი ფანჯრების ზემოთ დამცავი ბადე დავამატეთ. ასევე, უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიიდან ყველა ჭერის ვენტილატორი მოვხსენით“, - განაცხადა ჯენიკემ.

ფიონას გარდაცვალების შემდეგ ზოოპარკის სტუმრებმა და მისმა გულშემატკივრებმა ბეჰემოთის ქანდაკება ყვავილებითა და ხელნაწერი წერილებით შეამკეს. ზოგიერთს მისთვის საყვარელი საკვები – საზამთრო და გოგრაც – მიჰქონდა.

ფიონა 2017 წელს, მოსალოდნელზე ექვსი კვირით ადრე დაიბადა. მისი წონა მხოლოდ 29 ფუნტი (დაახლოებით 13 კილოგრამი) იყო.

პატარა ბეჰემოთს დედის რძის დამოუკიდებლად მიღება არ შეეძლო. ამიტომ ზოოპარკის თანამშრომლები რძეს ხელით წველიდნენ და ფიონას აჭმევდნენ.

ზოოპარკი მის ზრდასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას ფოტოებითა და ვიდეოებით აშუქებდა. ფიონას ამბავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადევნებდნენ თვალს. დროთა განმავლობაში ის ზოოპარკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბინადრად იქცა.

წყარო