საფრანგეთის რივიერაზე, ქალაქ როკბრუნ-კაპ-მარტენში, მდიდრული ვილის ავტოფარეხში 45 წლის ისრაელისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი აშდოდის მცხოვრები. საქმეს თავდაპირველად შესაძლო გატაცებისა და მკვლელობის მიმართულებით იძიებდნენ. პოლიციამ გარდაცვლილის მეგობარი - რუსეთის მოქალაქე, დააკავა, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლა.
როგორც ისრაელის გამოცემა 9tv.co.il წერს, მამაკაცის ცხედარზე ძალადობის ნიშნები და სისხლჩაქცევებით აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია მოხალისეთა სამაშველო ორგანიზაცია ZAKA-მ გაავრცელა, რომლის ცხელ ხაზზეც მომხდარის შესახებ შეტყობინება შევიდა.
ორგანიზაციის ცნობით, ფრანგულ სასამართლო უწყებებთან სამართლებრივი პროცედურებისა და შეფერხებების მოგვარების შემდეგ, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ZAKA-ს საერთაშორისო განყოფილებამ ცხედრის გადმოსვენების ნებართვის მიღება შეძლო. თავდაპირველი ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი ისრაელში დაკრძალვისთვის 24 საათის განმავლობაში უნდა გადაესვენებინათ.
ფრანგული მედიის ცნობით, შემთხვევა 17-დან 18 ნოემბრის ღამეს მოხდა. 17 ნოემბრის საღამოს, დაახლოებით, 40 წლის ქალი მონაკოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა და განაცხადა, რომ მისი მეუღლე გაიტაცეს. პოლიციელები როკბრუნ-კაპ-მარტენში მდებარე ვილაში მივიდნენ, სადაც შუაღამისთვის მამაკაცის ცხედარი ავტოფარეხში აღმოაჩინეს.
გამოცემა Nice-Matin-ის ინფორმაციით, ცხედრის გვერდით რამდენიმე ძვირადღირებული ავტომობილი იდგა. გარდაცვლილი ზღვაზე ხედით გამორჩეულ, სამსართულიან ვილას ქირაობდა.
ფრანგული მედიის თავდაპირველი ცნობებით, პოლიცია გატაცებისა და მკვლელობის შესაძლო ფაქტს იძიებდა, თუმცა იმხანად ცხედარზე ძალადობის ნიშნების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. გამოცემა Nice Mag-მა მომხდარს "მონაკოს მახლობლად: იდუმალი სიკვდილი მდიდრულ ვილაში“ უწოდა. პუბლიკაციაში ასევე აღნიშნული იყო, რომ სათვალთვალო კამერებს ტერიტორიაზე უცხო პირების შეღწევა არ დაუფიქსირებია.
ისრაელის მედია ფრანგული გამოცემებისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებდა - გამოცემა Ynet-ის ცნობით კი, წინასწარი გამოძიების თანახმად, მამაკაცი გაგუდული იყო და პოლიციამ რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა.
19 ნოემბერს ფრანგმა სამართალდამცველებმა გარდაცვლილის მეგობარი, რუსეთის მოქალაქე, დააკავეს. Nice-Matin-ის ინფორმაციით, ის ავტომობილს მართავდა, რომელიც ვილის ავტოფარეხიდან იყო გაყვანილი. ფრანგი ჟურნალისტების ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი მეგობრის გარდაცვალების დროს შესაძლოა ნიცაში იმყოფებოდა. გამოძიების ფარგლებში დაკითხეს ვილის თანამშრომლები და გარდაცვლილის გარემოცვის სხვა პირებიც.
მოგვიანებით, 20 ნოემბერს ჩატარებულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ცხედარზე ტრავმული დაზიანებები არ გამოავლინა. Nice-Matin-ის ცნობით, ამ შედეგების შემდეგ დანაშაულის ვერსიამ აქტუალობა დაკარგა და დაკავებული რუსეთის მოქალაქეც გაათავისუფლეს.