ავტორი:

"მის სამყაროს“ გრანდიოზული ფინალი სკანდალების ფონზე - ვინ არის ქალი, რომელმაც გვირგვინი მოიპოვა და რა ხდებოდა კულისებში

"მის სამყაროს“ გრანდიოზული ფინალი სკანდალების ფონზე - ვინ არის ქალი, რომელმაც გვირგვინი მოიპოვა და რა ხდებოდა კულისებში

პუერტორიკოელი ჯენიფერ ბარეტო "მის სამყარო 2026“-ის გვირგვინის მფლობელი მშობლიურ მიწაზე გახდა, რითაც სკანდალებში გახვეული კონკურსის კიდევ ერთი მღელვარე წელი დაგვირგვინდა.

ყოველწლიური კონკურსი კვლავ გასული წლის ხმის მიცემის შედეგების გაყალბების ბრალდებების ჩრდილქვეშ მიმდინარეობდა. ამის მიუხედავად, 27 წლის სოციალურმა მუშაკმა გუშინ, სან-ხუანში, პუერტო-რიკოს დედაქალაქში გამართულ გრანდიოზულ ფინალში 115 კონკურსანტს აჯობა.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. რამდენიმე კანდიდატი შეჯიბრებას ბოლო წუთს გამოეთიშა, მიზეზებს შორის კი სავიზო პრობლემები და მწვავე ბიზნესდავა დასახელდა.

  • ბარეტო პირველი დაოჯახებული ქალი და დედაა, რომელმაც “მის სამყაროს“ გვირგვინი მოირგო მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ ორგანიზატორებმა გათხოვილი ან შვილიანი ქალების მონაწილეობაზე დაწესებული საკამათო აკრძალვა გააუქმეს.

კონკურსის ცერემონია შესარჩევი ტურით გაიხსნა, რომელიც წინასწარ კონკურსებზე ჟიურის მიერ დაწერილ ქულებს ეფუძნებოდა. დარჩენილი 30 კონკურსანტი სცენაზე საცურაო კოსტიუმებით წარდგა, საიდანაც 12 საღამოს კაბების დეფილეზე გადავიდა. ფინალურმა ხუთეულმა კი ჟიურის კითხვებს უპასუხა ისეთ თემებზე, როგორებიც იყო მაგალითად “მის სამყაროს“ აქტუალურობა და “ის, თუ რას ელის მსოფლიო თავისი ლიდერებისგან“ .

  • მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე ფინალმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩაიარა, წლევანდელი სკანდალების უმეტესობა ღონისძიებამდე რამდენიმე კვირითა და თვით ადრე განვითარდა.

ნეპალისა და აფრიკის ხუთი ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის დებიუტანტი სამხრეთ სუდანისა და კონგოს რესპუბლიკის კონკურსანტები, აშშ-ის ვიზების მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო იძულებულნი გახდნენ, კონკურსში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ.

გარდა ამისა, "მის სამყაროს“ ორგანიზაციასა და ტაილანდელ ბიზნესმენ ნავატ იცარაგრისილს შორის მიმდინარე საკონტრაქტო დავის გამო, ფინალში მონაწილეობა ვერ მიიღეს ინდონეზიის, ლაოსის, მალაიზიის, სინგაპურის, ტაილანდისა და ვიეტნამის წარმომადგენლებმა. იცარაგრისილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ექვს ქვეყანაში შესარჩევ კონკურსებს ხელმძღვანელობს.

კონკურსს მანამდეც არაერთი სკანდალი ახლდა. მაისში "მის საფრანგეთის“ ორგანიზატორებმა 2025 წლის ფინალისადმი პროტესტის ნიშნად საკუთარი კანდიდატურა მოხსნეს. გასული წლის კონკურსის ჟიურის კი ხმის მიცემის შედეგების გაყალბებისა და მიკერძოების დასდეს ბრალი.

წყარო