ხმაური იყო საქალაქო სასამართლოს დერეფანში - მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის თქმით, ბრალდებულ ნია იმნაძის ბიძამ მას პროვოკაცია მოუწყო.
"ინციდენტი მცირე არ იყო, მძიმე ინციდენტი იყო. ნია იმნაძის ოჯახის ახლობლები სრულ პროვოკაციას ახდენენ. სასამართლოს კართან ვიდეგით მე და მანდატური გვერდი-გვერდ. მე ტელეფონში ვიხედებოდი. მოვიდა ნია იმნაძის დედის ძმა ლუკას ნავროზაშვილი, მოვიდა და მეუბნება ასეთ რამეს - კარგი, ქალბატონო ეკა, მე წავედი, დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. ვითომ მისი მეგობარი და ახლობელი ვარ. ეს არის ყველაზე მძიმე დარტყმა დედისთვის, რომელსაც შვილი მოუკლეს. მისი დისშვილის წაქეზებით მოკლეს ჩემი შვილი. ჩემსა და მას შორის არის მკვლელობა უსპეტაკესი ჩემი შვილის. ამან გამომიყვანა მდგომარეობიდან. მომენტალურად ჩავვარდი აფექტურ მდგომარეობაში", - ამბობს ეკა კუპატაძე.
ცნობისთვის, მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს - ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს წაუყენა. იმნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისხმობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანასტასია ბერუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბრალდების თანახმად, ნია იმნაძემ მის მეგობრებს - ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც 23 დღის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 7 პირი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდებულები არიან.