"ბაიერნის“ 40 წლის ლეგენდარული გერმანელი მეკარე მანუელ ნოიერი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი მეუღლეს, ანიკა ბისელს, მათი მეორე შვილის დაბადებიდან სულ რამდენიმე დღეში დაშორდა, რათა ახალ პარტნიორთან ურთიერთობა გაეგრძელებინა.
გასულ კვირას ნოიერი ახალ რჩეულთან ერთად ბრაზილიაში ისვენებდა, მანამდე კი წყვილი სიცილიაზეც შენიშნეს. "რეკორდმაისტერის“ მეკარე ანიკა ბისელზე სამი წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული. მათ ორი შვილი ჰყავთ.
ნოიერის საქციელს ცნობილი გერმანელი ფეხბურთელების ოჯახის წევრებიც გამოეხმაურნენ. გერმანელმა ურთიერთობების კონსულტანტმა რუთ მარკვარდტმა სოციალურ ქსელში ფეხბურთელის კრიტიკით სავსე ვიდეო გამოაქვეყნა.
ვიდეოს მოწონებით საკუთარი პოზიცია გამოხატეს იოზუა კიმიხის მეუღლემ, ლინა კიმიხმა, მარიო გიოტცეს ცოლმა, ან-კატრინ გიოტცემ, მიხაელ ბალაკის შეყვარებულმა, სოფია შნაიდერჰანმა და თავად ნოიერის ყოფილმა მეუღლემ, ნინამ.
მარკვარდტმა ნოიერი მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ქორწინებაში არსებული პრობლემები გადამწყვეტი არ არის. მისი შეფასებით, მეუღლის მიტოვება მშობიარობის შემდგომ პერიოდში სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საქციელია.
გერმანული ტაბლოიდების ცნობით, ნოიერმა მეუღლეს, ხელბურთის ყოფილ პროფესიონალ მოთამაშეს, ანიკა ბისელს განუცხადა, რომ ქორწინების გაგრძელება აღარ სურდა. ეს საუბარი სექტემბერში, მათი მეორე ვაჟის დაბადებიდან სულ რამდენიმე დღეში შედგა.