გავრცელებული ცნობებით, რუსეთი ჩინეთისგან გასაბერ გამანადგურებლებს ყიდულობს, რათა უკრაინის ძალები შეცდომაში შეიყვანოს და საბრძოლო მასალა ფუჭად დაახარჯვინოს.
როგორც გამოცემა "The Telegraph“ იტყობინება, სხვადასხვა ჩინურ და რუსულ ონლაინპლატფორმაზე უკვე გამოჩნდა განცხადებები ამგვარი პირობითი საბრძოლო თვითმფრინავების გაყიდვის შესახებ. ზოგიერთი მათგანის ღირებულება სულ რამდენიმე ასეულ დოლარს შეადგენს. რუსულენოვან სარეკლამო განცხადებებში ნათქვამია, რომ გასაბერ სამიზნე-მაკეტებზე უკვე ასობით შეკვეთაა მიღებული.

ზოგიერთი რეკლამა კომპანია Gauss-ს ეკუთვნის. კომპანიის სარეკლამო ვიდეორგოლში აღნიშნულია: "დღევანდელ სწრაფად ცვალებად საომარ ვითარებაში შენიღბვა აღარ არის მხოლოდ დამალვა - ეს სტრატეგიული შესაძლებლობაა, რომელსაც შეუძლია გამარჯვება ან მარცხი განსაზღვროს“.
რეკლამაში ასევე ხაზგასმულია, რომ გასაბერი მაკეტები საბრძოლო პირობებშია გამოცდილი. კომპანიის მტკიცებით, ისინი რეალური სამხედრო ტექნიკის თერმულ კვალსა და რადიოსიხშირულ გამოსხივებას იმეორებენ და რადარების მოტყუებაც შეუძლიათ.

ჩინური კომპანიების მიერ შეთავაზებულ გასაბერ ასლებს შორისაა არა მხოლოდ საბრძოლო თვითმფრინავები, არამედ საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო სისტემები, ტანკები, საარტილერიო ჰაუბიცები, ასევე თერმული ეფექტის მქონე ყალბი ანგარები და შენიღბვის კარვები. სპეციალისტების შეფასებით, სავსებით შესაძლებელია, ამგვარი ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩინეთ-რუსეთის საზღვრის გავლით ხვდებოდეს რუსეთში.

ამ ყველაფრის მიზანი მხოლოდ რუსეთისთვის სამხედრო ხარჯების შემცირება არ არის. ასეთი ტაქტიკა უკრაინისთვის დამატებითი პრობლემების შექმნასაც ემსახურება - მოწინააღმდეგე იძულებული ხდება, ძვირადღირებული და დეფიციტური საბრძოლო მასალა დახარჯოს ისეთ სამიზნეებზე, რომლებიც სინამდვილეში საფრთხეს არ წარმოადგენს.
"მსგავსი მაკეტების მიზანი მხოლოდ ვლადიმერ პუტინისთვის ფულისა და რესურსების დაზოგვა არ არის. ეს უკრაინასაც აიძულებს, საკუთარი რესურსები ფუჭად დახარჯოს. თუ მოწინააღმდეგის დაზვერვის მოტყუება შეგიძლია, მაშინ მას დეფიციტური, მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის გაფლანგვას აიძულებ. ეს პრობლემა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამწვავდება“, - განუცხადა "The Telegraph“-ს ბრიტანული თავდაცვითი ანალიტიკური ცენტრის, სამეფო გაერთიანებული თავდაცვის კვლევითი ინსტიტუტის (RUSI) სახმელეთო ომის მკვლევარმა რობერტ ტოლასტმა.

თუმცა ომის დაწყების შემდეგ ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. სავაჭრო პლატფორმა Import Genius-ის ანალიზის თანახმად, გასული ოთხი წლის განმავლობაში კრემლმა გასაბერ სამხედრო მაკეტებში დაახლოებით 122 მილიონი დოლარი დახარჯა. ანალიზი ეფუძნება სპეციალურ საბაჟო კოდს, რომელსაც ჩინელი სამხედრო გასაბერი ტექნიკის მწარმოებლები იყენებენ.
ასე რომ, თანამედროვე ომში ზოგჯერ ყველაზე ძვირადღირებული იარაღი სულაც არ არის საჭირო მოწინააღმდეგის დასაზიანებლად - საკმარისია, მას დააჯერო, რომ სამიზნე რეალურია.