25 ნოემბერს, საღამოს, ნიუ ჯერსის შტატში, ტინეკის საშუალო სკოლაში, საფეხბურთო მატჩის დროს სროლა გაისმა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი მაყურებელი დაიღუპა. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
სროლა მადლიერების დღისადმი მიძღვნილი მატჩის შესვენების დროს მოხდა. როგორც თვითმხილველი ABC7-თან საუბრისას იხსენებს, ამ დროს ორივე გუნდი გასახდელში იმყოფებოდა, მაყურებლები კი სკოლის ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილნი.

"ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა. ხალხი დადიოდა და საუბრობდა, როცა მოულოდნელად რამდენიმე გასროლის ხმა გავიგე“, - იხსენებს ის.
ტინეკის მერის, მარკ შვარცის ინფორმაციით, გარდაცვლილი ჰაკენსაკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო.

მერმა მარკ შვარცმა განმარტა, რომ ინციდენტი უშუალოდ სკოლაში არ დაწყებულა და მომხდარი სკოლის გარეთ არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება, რომელიც შემდეგ სკოლის ტერიტორიაზეც გაგრძელდა.

შემთხვევის ადგილზე ბერგენის ოლქის პროკურატურის ძარცვა-მკვლელობისა და მძიმე დანაშაულების განყოფილებების დეტექტივები მივიდნენ. ისინი ტინეკის პოლიციასთან ერთად მომხდარის გარემოებებს იკვლევენ. ამ დროისთვის სამართალდამცველებს არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია არც შესაძლო ეჭვმიტანილის და არც სროლის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ.
ტინეკისა და ჰაკენსაკის მერებმა მომხდართან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება მათი მთავარი პრიორიტეტია.