ავტორი:

ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ მრავალწლიანი სასამართლო დავა დაასრულეს - "სასამართლოს გარეშე შევთანხმდით"

ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ მრავალწლიანი სასამართლო დავა დაასრულეს - "სასამართლოს გარეშე შევთანხმდით"

ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ ფრანგული ღვინის ქარხნის, Château Miraval-ის გარშემო მიმდინარე მრავალწლიანი სასამართლო დავა დაასრულეს. ყოფილმა მეუღლეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და საქმის სასამართლოს გარეშე მოგვარება გადაწყვიტეს.

ოთხშაბათს Page Six-ისთვის გაგზავნილ ერთობლივ განცხადებაში მსახიობებმა დაადასტურეს, რომ დავა დასრულებულია.

"ჩვენი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლოს გარეშე შევთანხმდით. ამ საკითხზე დამატებით კომენტარს აღარ გავაკეთებთ. მედიაში გავრცელებული ნებისმიერი განცხადება, რომელიც თითქოს ჩვენს წყაროებს ან ჩვენთან დაახლოებულ პირებს ეკუთვნით, სიმართლეს არ შეესაბამება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

62 წლის ბრედ პიტსა და 51 წლის ანჯელინა ჯოლის შორის უთანხმოება ღვინის ქარხნის გამო 2016 წელს დაიწყო. ყოფილმა წყვილმა Château Miraval 2008 წელს შეიძინა. 2022 წლის თებერვალში პიტმა ჯოლის უჩივლა. მსახიობის მტკიცებით, წინასწარი შეთანხმების თანახმად, არცერთ მათგანს არ ჰქონდა უფლება, მეორე მხარის თანხმობის გარეშე გაეყიდა ქონებაში საკუთარი წილი. პიტის თქმით, ჯოლიმ ეს შეთანხმება დაარღვია და თავისი წილი რუს ბიზნესმენ იური შეფლერს მიჰყიდა.

ანჯელინა ჯოლიმ ბრალდებები უარყო. მოგვიანებით კი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ 250 მილიონი დოლარის ოდენობის საპასუხო სარჩელი შეიტანა. ის ამტკიცებდა, რომ პიტი ღვინის ქარხანაზე კონტროლის მოპოვებასა და მის ფინანსურ ზიანზე იყო ორიენტირებული.

მომდევნო წლებში დავა არაერთხელ გამწვავდა. 2024 წლის ივლისში ჯოლის ადვოკატმა, პოლ მერფიმ, პიტს სასამართლო დავის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მსახიობს სურდა, ყოფილ მეუღლეს ოჯახისთვის სიმშვიდის დაბრუნების შესაძლებლობა მისცემოდა.

მიუხედავად ამისა, მხარეები სასამართლოში ბრძოლას აგრძელებდნენ. მიმდინარე წლის ივნისში პიტმა მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაც მოიპოვა: კალიფორნიის უმაღლესმა სასამართლომ მისი იურიდიული გუნდის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების თანახმად, საქმეში ღვინის მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანია Stoli Group-ის წარმომადგენლების ჩვენებები უნდა წარედგინათ. პიტის ადვოკატებს მიაჩნდათ, რომ მათ ჯოლის მიერ ღვინის ქარხნის წილის გასხვისების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდათ.

პიტმა და ჯოლიმ განქორწინების საკითხზე შეთანხმებას 2024 წლის დეკემბერში, რვაწლიანი სამართლებრივი დაპირისპირების შემდეგ მიაღწიეს. თუმცა Château Miraval-ის გარშემო დავა კვლავ გრძელდებოდა და მხოლოდ ახლა დასრულდა.

ყოფილ მეუღლეებს ექვსი შვილი ჰყავთ: მედოქსი, პაქსი, ზაჰარა, შაილო და ტყუპი - ნოქსი და ვივიენი. ბოლო წლებში შვილების ნაწილმა მამის გვარზე უარი თქვა. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, პიტი 2022 წლიდან ინეს დე რამონს ხვდება. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი ქორწინებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

წყარო