პრორუსული პარტიის, "სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფიაც კი გაოგნებულია საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილის მინსკის შეხვედრის თაობაზე გაკეთებული განცხადებებით, რასაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოკომენტარით გამოეხმაურა.
ფიფიას თქმით, "გაოგნებულია" ზურაბაშვილის განცხადებით:
"სიმართლე რომ გითხრათ, გაოგნებული ვარ გუშინდელი განცხადებით ბატონი გიორგი ზურაბაშვილის. რა საჭირო იყო ასეთი დემარში, გაუგებარია.
ჯერ კიდევ თბილისში ბატონ გიორგის მოახსენეს და გააფრთხილეს მაქსიმალურად მეგობრულ რეჟიმში, უთხრეს, რომ არის ორი კომპანია კიდევ, რომელიც მოხვდება შეზღუდვების ქვეშ. ეს არის "ვინივერია" და "შატო მუხრანი". აუხსნეს მექანიზმები, აუხსნეს პირობები, როგორ შეიძლება ამ კომპანიების გაყვანა ამ სანქციური რეჟიმიდან.
იგივე აუხსნა ბატონმა გალუზინმა მინსკში, მაქსიმალურად მეგობრულად. სხვათა შორის, ბატონმა გალუზინმა გააკეთა გუშინწინ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული კომპანიები მაქსიმალურად იქნებიან წარმოდგენილი რუსეთის ბაზარზე... აქედან გამომდინარე, რა საჭირო იყო ეს და რას ემსახურება ეს განცხადება, გაუგებარია ჩემთვის პირადად...
ჯობია, უფრო შევარჩიოთ სიტყვები და ვითანამშრომლოთ რუსულ მხარესთან".
შეგახსენებთ, ზურაბაშვილმა 25 ნოემბერს, "იმედი ლაივის“ ეთერში თქვა, რომ ქართული მხარისთვის მთავარი საკითხი ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნება იყო. ის ოქტომბერში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ელოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გალუზინმა კი უთხრა, რომ რუსეთი ღვინის კიდევ ორი ქართული კომპანიისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.
იხილეთ ასევე: