დიდ ბრიტანეთში, ვესტ ბრომვიჩში, 65 წლის ჯონ ანსლოუს 36 წლის ჩერის ბეილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ქალი საკუთარ სახლში მოკლა, შემდეგ კი დანაშაულის დაფარვაში დახმარება ქალიშვილს სთხოვა. 42 წლის ჰეილი-მარი ფერგიუსონს, რომელიც მამას ცხედრის დამალვაში დაეხმარა, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქმის დეტალები სათვალთვალო კამერების ჩანაწერებმა გამოავლინა. კადრებში ჩანს, როგორ გადააქვთ მამა-შვილს ქალის ცხედარი სახლიდან ინვალიდის ეტლით და ახლომდებარე არხში აგდებენ. ცხედარს მძიმე ფილები ჰქონდა მიმაგრებული, რათა წყალში ჩაძირულიყო.

როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, ანსლოუ ჩერის ბეილის საკუთარ სახლში დაესხა თავს, შემდეგ კი ქალიშვილს დაურეკა და დახმარება სთხოვა. ფერგიუსონმა ფილები შეიძინა და ტაქსით მამის საცხოვრებელთან მივიდა. თავდაპირველად პოლიციას განუცხადა, რომ მამას ბაღში სამუშაოების შესრულებაში ეხმარებოდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ჩერისი ბოლოს 27 სექტემბერს ნახეს. თავდასხმის შედეგად ქალს სახის რამდენიმე ძვალი ჰქონდა მოტეხილი, სხეულზე კი მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

ფერგიუსონის სახლში ჩხრეკისას ნაგვის ურნაში სისხლით დასვრილი ტანსაცმელი აღმოაჩინეს. 7 ოქტომბერს, ჩერის ბეილის ცხედარი რაიდერს გრინ როუდის მახლობლად მდებარე არხში იპოვეს.

სასამართლო პროცესზე ასევე გაირკვა, რომ ჯონ ანსლოუს წარსულშიც ჰქონდა ჩადენილი მძიმე დანაშაულები. 2003 წელს მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა სექსუალური ძალადობის რამდენიმე შემთხვევისთვის. მათ შორის იყო 14 და 15 წლის გოგონების გაუპატიურება, რასაც ის დანის მუქარით ახორციელებდა. მამაკაცი მოგვიანებით ციხიდან გაათავისუფლეს.