გარემოს ეროვნული სააგენტო ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში განვითარებული გეოლოგიური პროცესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ, ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა.
სააგენტოს განმარტებით, ბოლო პერიოდში რეგიონში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექების პროვოცირებით, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ მასშტაბური მეწყრული სხეულის კონტურში ადგილი ჰქონდა მეორადი გენერაციის ცალკეული უბნების გააქტიურებას, რის შედეგადაც დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი დილიდან ადგილზე იმყოფება, რათა დროულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა. სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიისა და თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის შეფასება.
ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით ასევე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
სხვადასხვა წლებში სოფ. ლაილაშის ტერიტორიაზე სააგენტოს გეოლოგების მიერ, შეფასებულია როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტები, ისე საკარმიდამო ნაკვეთები და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.
სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.