ავტორი:

ორსულმა პატიმარმა სამედიცინო ვიზიტის შემდეგ ციხის ავტომობილი გაიტაცა და გაიქცა - აშშ-ში 26 წლის ქალზე ძებნაა გამოცხადებული

ორსულმა პატიმარმა სამედიცინო ვიზიტის შემდეგ ციხის ავტომობილი გაიტაცა და გაიქცა - აშშ-ში 26 წლის ქალზე ძებნაა გამოცხადებული

26 წლის რებეკა ტეილორი ორსულთა გეგმური სამედიცინო შემოწმებიდან ციხეში ბრუნდებოდა, როდესაც Dodge Journey-ის მარკის ავტომობილი გაიტაცა.

ინციდენტი ქალაქ ალბუკერკეში მოხდა, სადაც პატიმრების გადამყვანი ჯგუფი საკვების შესაძენად გაჩერდა. იმ მომენტში, როდესაც ტეილორმა ავტომობილზე კონტროლი მოიპოვა, ციხის ოფიცერი მანქანასთან იმყოფებოდა, თუმცა სალონში არ ეჯდა. ავტომობილში იმყოფებოდა კიდევ ერთი ორსული პატიმარი, რომელმაც მანქანიდან გადახტომა მოასწრო.

  • ნიუ-მექსიკოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლის, ბრიტანი რუმბახის ცნობით, ტეილორი ორსულობის მეორე ტრიმესტრში იმყოფება. სწორედ ფეხმძიმობის გამო, უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, ტრანსპორტირებისას მას ბორკილები არ ედო.

პოლიციამ მოგვიანებით მიტოვებული ავტომობილი და ტეილორის ციხის ფორმა იპოვა, თუმცა თავად პატიმარი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.

რებეკა ტეილორი სასჯელს ქურდობისა და ბინების გაქურდვის მრავალჯერადი ბრალდებებით იხდიდა. გაქცევის შემდეგ, ნიუ-მექსიკოს ყველა ციხეში ჩაკეტვის სპეციალური რეჟიმი გამოცხადდა, რომელიც ხუთშაბათს დილით მოიხსნა. თუმცა, დაწესებულებაში (Western New Mexico Corrections Facility), სადაც ტეილორი იხდიდა სასჯელს, გადაადგილების შეზღუდული რეჟიმი კვლავ მოქმედებს და მნახველების შესვლა აკრძალულია.

სამართალდამცავებმა გაქცეულის მოსაძებნად მასშტაბური ოპერაცია წამოიწყეს. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, ტეილორის დანახვის შემთხვევაში მას არ მიუახლოვდნენ და დაუყოვნებლივ 911-ში დარეკონ.

წყარო