ავტორი:

"3 წელი შესრულდა, რაც აღარ ვსვამ“ - რას ჰყვება თეონა კონტრიძე დაკლებულ კილოგრამებზე და შეცვლილ ცხოვრებაზე?

"3 წელი შესრულდა, რაც აღარ ვსვამ“ - რას ჰყვება თეონა კონტრიძე დაკლებულ კილოგრამებზე და შეცვლილ ცხოვრებაზე?

რუსულ გამოცემა "Здоровье“-სთან ინტერვიუში, რუსეთში მცხოვრებმა ჯაზ მომღერალმა თეონა კონტრიძემ ისაუბრა წონის კლების მიზეზებზე, ალკოჰოლზე უარის თქმის გადაწყვეტილებაზე, კვების რეჟიმზე, სპორტისადმი შეცვლილ დამოკიდებულებასა და იმ სირთულეებზე, რომლებსაც სხეულის მნიშვნელოვანი ცვლილებები ახლავს. მომღერალი ასევე გულწრფელად ჰყვება, როგორ შეიცვალა მისი დამოკიდებულება საკუთარ თავთან, ჯანმრთელობასთან და მომავალთან.

- როდესაც 49 წლის გახდით, თქვით: "წინ მხოლოდ ხუთიანებია“. რას ნიშნავს თქვენთვის ასაკი?

- ჩემთვის ასაკი გამოწვევაა. საათზე არის მომენტი, როცა ისრები ქვემოთ მიდის და არის, როცა ზემოთ. მგონია, რომ 50 წლის შემდეგ ისრები ქვემოთ მიდის და ეს ნორმალურია - ბუნებრივი ადამიანური ციკლია. მაგრამ რამდენად ხარისხიანად შეხვალ ამ ასაკში - პირველ რიგში ღვთის ნებაა და გარკვეულწილად შენი საკუთარიც. ყველაფერი, რასაც 50 წლამდე აკეთებდი, უნდა გააგრძელო და რაღაც ახალი დაუმატო. თუ გორგოლაჭებით სრიალებდი, ველოსიპედით დადიოდი, დარბოდი, 50 წლის შემდეგ ღირს მოტოციკლის, მოპედის, სახტუნაოს დამატება - ყველაფრის, რაც მანამდე არ გაგიკეთებია. საკუთარ თავში ახალი ფსიქოფიზიკური პოტენციალის ჩართვა და გამოვლენა. თუ 50 წლის შემდეგ ახალ "სკივრებს“ გახსნით, ორგანიზმი ურთიერთგაგებით გიპასუხებთ.

სიკვდილის გარდა საერთოდ არაფრის მეშინია, არც სიბერის - არც გარეგნულის, არც ფიზიკურის, არც პროფესიულის.

- ამბობთ, რომ 50 წლის შემდეგ უნდა დაამატოთ ის, რაც მანამდე არ გაგიკეთებიათ. რა არის უკვე თქვენს სიაში?

- ცხოვრებაში უკვე დავამატე სპორტი - ის, რითაც მანამდე სისტემატურად არასდროს ვყოფილვარ დაკავებული. კვირაში სამჯერ რკინას ვეწევი, ხუთჯერ კარდიოთი ვარჯიშობ. მოკლედ, საკმაოდ სერიოზულად ჩავერთე სპორტში. სიჩქარის მეშინია და საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ ვოცნებობ, რომ ამ პატარა მოტოროლერზე დავჯდე. მით უმეტეს, მეუღლემ თბილისში მიყიდა. ახლა მხოლოდ სურვილი დამრჩა.

შესაძლებელი გახდა, საერთოდ არ გავიხედო სხვისი აზრისკენ. საერთოდ. ეს, ალბათ, ასაკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენია.

- ყოველთვის ხაზს უსვამდით, რომ თქვენი ფორმა გაცნობიერებული არჩევანია. ახლა ძალიან გახდით და კიდევ გინდათ დაკლება.

- დიახ, მაშინ ეს ჩემი გაცნობიერებული არჩევანი იყო. ახლა 28 კილოგრამი დავიკელი: 60 კილოს ვიწონი და მინდა 57-მდე ჩამოვიდე. და ესეც ჩემი გაცნობიერებული არჩევანია. უბრალოდ, მსურს, მსუბუქად გადავადგილდე. თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

- ამბობდით, რომ გახდომისას ალკოჰოლზე სრული უარი თქვით. კიდევ რისი შეცვლა მოგიწიათ?

- 4 ოქტომბერს სამი წელი შესრულდა, რაც ალკოჰოლს სრულიად თავი დავანებე. დღეში სამჯერ ჭამა შევწყვიტე - ორჯერ ვჭამ და მეორე კვება 17:00 საათზე გვიან არ არის. ასევე დროებით გამოვრიცხე შაქარი. წონის შენარჩუნება რთულია - გაუმაძღრობის დემონი ყოველთვის შენში ცხოვრობს. როგორც კი ფიქრობ, რომ უკვე მოკალი, აღმოაჩენ, რომ არა.

- თქვით, - გაუმაძღრობის დემონი ყოველთვის შიგნით ცხოვრობსო. რომელ კერძს შეუძლია გაიძულოთ, ყველა წესი დაგავიწყდეთ?

- ვცდილობ არ დამავიწყდეს, მაგრამ ერთ ნაჭერს მაინც შევჭამ. მაგალითად, იმერულ ხაჭაპურს.

- იმოქმედა თუ არა გარეგნობის ცვლილებებმა თქვენს ცხოვრებაზე?

- ყველაფერი შეიცვალა: თავს პატარა გოგოდ ვგრძნობ. ყოველთვის მომწონდა საკუთარი თავი, მაგრამ ახლა განსაკუთრებით მომწონს ჩემი გარდერობი. ახალ წონასთან ერთად დაბრუნდა 28 წლის ასაკის შეგრძნება - სწორედ ამდენის ვიყავი ორსულობამდე, როცა 57 კილოგრამს ვიწონიდი. თუმცა გახდომას მინუსებიც აქვს. მაგალითად, ხმა ვერ ეწეოდა წონის ცვლილებებს. ყოველ ხუთ დაკლებულ კილოგრამს ვოკალური ჩავარდნა ახლდა: ხმას ადაპტაციისთვის დრო სჭირდებოდა. გამოვტყდები, ეს მაშინებდა. არც იმას მოველოდი, თუ რამდენად ძლიერად შეიცვლებოდა სხეული. ადრე კისერს პირდაპირი მნიშვნელობით ცხიმი იჭერდა. ცხიმი წავიდა - და ოსტეოქონდროზი დაიწყო. გარდა ამისა, სხვა უსიამოვნო შედეგებსაც შევეჯახე: კუნთოვანი მასა დასუსტდა, სახსრების პრობლემები გაჩნდა. ახლა მუდმივად მიწევს ფიზიკური ვარჯიშების გაკეთება, გაწელვა, კუნთოვანი მასის მომატება. კიდევ კოლაგენსა და სხვა დანამატებს ვიღებ.

ახალგაზრდა ადამიანი საერთოდ იშვიათად ფიქრობს ჯანმრთელობაზე, ვიდრე თავად არ შეეჯახება დაავადებას. შემიძლია რამდენიც მინდა, იმდენჯერ ვუთხრა ჩემს შვილებს, რომლებიც 19–20 წლისანი არიან, რომ ჯანმრთელობას გაფრთხილება სჭირდება, მაგრამ არ მისმენენ. მათთვის ეს პრობლემა ჯერ უბრალოდ არ არსებობს.