ავტორი:

"იზოლირებული, დასუსტებული, კორუფციაში ჩაფლული საქართველო რუსეთისთვის ძალიან მარტივი სამიზნეა" - ოკუპანტი "ძვირფასი ხალხი" და დიდი საფრთხე: ექსპერტის ანალიზი

"იზოლირებული, დასუსტებული, კორუფციაში ჩაფლული საქართველო რუსეთისთვის ძალიან მარტივი სამიზნეა" - ოკუპანტი "ძვირფასი ხალხი" და დიდი საფრთხე: ექსპერტის ანალიზი

2026 წლის 19 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში (საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე) გიორგი ზურაბაშვილი ერთმანეთს მინსკში შეხვდნენ.

ქართული მხარის ცნობით, მოლაპარაკებები შეეხო ვაჭრობას, ჰუმანიტარულ ურთიერთობებსა და რეგიონულ უსაფრთხოებას. მხარეები ფორმატში კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ რიჟენკოვმა კი დააანონსა, რომ შემდგომი მოლაპარაკებები შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს.

ზურაბაშვილის თქმით, ქართული მხარისთვის მთავარი საკითხი ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნება იყო. ის ოქტომბერში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ელოდა, გალუზინმა კი უთხრა, რომ რუსეთი ღვინის კიდევ ორი ქართული კომპანიისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.

"ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე. როგორც მოგეხსენებათ, 7 კომპანია არის დასანქცირებული რუსეთის მიერ. კითხვა დავუსვი ბატონ გალუზინს, თუ რასთან იყო დაკავშირებული ეს შემზღუდავი ზომები, რომლებიც მათ 9 ოქტომბერს შემოიღეს. მისგან პასუხად მივიღე სამი რამ: რაც იყო ხარისხთან მიმართებაში, მეორე იყო ნათქვამი, რომ ეს კომპანიები თითქოსდა აფინანსებენ უკრაინელების სასარგებლოდ ომს, მესამე იყო - ესენი დაკავებულები არიან ანტირუსული ნარატივით. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით“, - თქვა ზურაბაშვილმა.

"თითქოსდა ნამდვილად უვნებელი საკითხია, მაგრამ თუ დააკვირდებით და გააანალიზებთ, ეს ყველაფერი მიმართულია "ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდასა და ნარატივს, თითქოსდა "ქართული ოცნება“ არის პრორუსული“, - თქვა ზურაბაშვილმა.

მისი შეფასებით, როგორც ჰუმანიტარული ინიციატივები, ისე ქართული ღვინის მწარმოებლების მიმართ გამოთქმული ბრალდებები საქართველოს ოპოზიციის გაძლიერებას ემსახურება.

პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, "დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო - რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა" და აქვე დაასახელა პირობა, რომ დიალოგის ხაზს არ უნდა განსაზღვრავდეს "დიფ სთეითი".

კობახიძის განმარტებით, მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების შესაძლო გამართვა "არავითარ რისკს არ ქმნის და ეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასთან არაფერ კავშირშია“, "არც დროშების განთავსება და არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ ეწინააღმდეგება არაღიარების პრინციპს...

ფორმატი არ შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ რისკებს, მაგალითად, იგივე აღიარების კუთხით ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით. მოსკოვსა და თბილისში ამ შეხვედრების გამართვა არავითარ რისკს არ ქმნის”.

ჩვენთვის უცნობია, სინამდვილეში რაზე ისაუბრეს მხარეებმა, რა შეიძლება ყოფილიყო მათთვის პრიორიტეტული, რაზე შეთანხმდნენ და რაზე - ვერ და საერთოდ, რუსეთთან რაიმე მოლაპარაკებას აქვს თუ არა აზრი, ამ კითხვებზე ambebbi.ge-ს პოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი პასუხობს:

- "ქართული ოცნების“ ბაქიბუქის მიუხედავად, თავიდანვე ყველასთვის სრულიად გასაგები და ცხადი იყო, რომ ამ შეხვედრიდან კარგი არაფერი გამოვიდოდა. ჯერ ერთი, ეს იყო ქართული მხარის მხრიდან დათმობა: იმის ნაცვლად, რომ შეხვედრა ჩატარებულიყო ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ეს შეხვედრა ჩატარდა რუსეთის მიერ ფაქტობრივად ოკუპირებულ ბელარუსში და გარდა ამისა, უკვე 2024 წლიდან გალუზინი პირადად ითხოვდა ჟენევიდან დისკუსიების გადატანას. ანუ ამ შეხვედრამ ცალსახად გამოაჩინა "ქართული ოცნების“ მზადყოფნა, დაუთმონ რუსეთს კიდევ უფრო მეტი. ეს არის სტრატეგიულად ფუნდამენტურად მცდარი და საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი პოზიცია იმიტომ, რომ რაც უფრო მეტს დავუთმობთ რუსეთს, მით უფრო მეტ მოთხოვნას წამოაყენებენ. ეს არის საერთაშორისო ურთიერთობების ანა-ბანა, რომელიც საქართველომ, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებით, ძალიან კარგად უნდა იცოდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ, რომ "ქართული ოცნება“ ისევ აგრძელებს სრულიად არაადეკვატურ საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებით.

ამავდროულად, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ "ქართულმა ოცნებამ“ ბოლო პერიოდში გააფუჭა ურთიერთობები საქართველოს სტრატეგიულ, კეთილგანწყობილ დასავლეთთან, იქნება ეს ევროკავშირი თუ - შეერთებული შტატები. ამ პირობებში ვის ჰქონდა მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება“ მოახერხებდა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დალაგებას საქართველოს სასიკეთოდ? მე ასეთი ადამიანი უბრალოდ არ მეგულება. როგორც ჩანს, თავად რუსეთმა და ბელარუსმა გამოიტანეს ამ შეხვედრის რეალური გზავნილები და კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის სრულიად არაკომპეტენტური პიროვნება შეარჩიეს, რომელსაც დაავალეს არაადეკვატური საგარეო-პოლიტიკური ამოცანების შესრულება. არ ვიცი, რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ ერთი და იგივე შეცდომა - რუსეთი დაინტერესებულია არა საქართველოსთან მოლაპარაკებით, არა კეთილმეზობლური ურთიერთობებით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ქართული სახელმწიფოებრიობის კაპიტულაციით და ბატონი ზურაბაშვილი და მთლიანად "ქართული ოცნება“ რუსეთს ამ სტრატეგიული მიზნის მიღწევაში მხოლოდ და მხოლოდ ეხმარება. როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას“ დღემდე აქვს არაადეკვატური და მიამიტური მოლოდინი, რომ ისინი მოახერხებენ რუსეთთან რაღაცაზე მოლაპარაკებას. რუსეთი არაფრის დათმობით არ არის დაინტერესებული.

- რუსეთისთვის ან ხარ მონა, ან - მტერი, მესამე პოზიცია არსებობს?

- ვიტყოდი, რომ მესამე გზაც არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, "ქართულ ოცნებას“ ეს მესამე გზა სრულიად აქვს მოჭრილი. რუსეთთან ურთიერთობების შემთხვევაში რა თქმა უნდა, არსებობს მონობა, რასაც ცალსახად ვხედავთ ბელარუსის და კავკასიის შემთხვევაში. არის მტრობა - რასაც ვხედავთ უკრაინის შემთხვევაში, მაგრამ ამავდროულად არსებობს მესამე გზაც, რომელიც არ არის რუსეთის მონობა, მაგრამ არის საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა და ეს არის ფინეთის, შვედეთის და ბალტიის ქვეყნების გზა. ყველა ქვეყანას აერთიანებს ერთი და იგივე - ეს არის სრული ინტეგრაცია დასავლურ პოლიტიკურ და კულტურულ სფეროში. როგორც კი ქვეყნებმა მოახერხეს თავის დაღწევა, ამის შემდეგ რუსეთი იძულებული გახდა, რომ ანგარიში გაუწიოს, მათ შორის, მისთვის სრულიად მიუღებელ ბალტიის ქვეყნებს. რატომ არის იძულებული? იმიტომ, რომ ამ ქვეყნებს ზურგს უმაგრებს სრულიად დასავლეთი, ხოლო "ქართული ოცნების“ შემთხვევაში, მან დასავლეთთან ურთიერთობა გაიფუჭა.

- ზოგიერთებმა მინსკის შეხვედრა დიპლომატიური ურთიერთობის ნაწილობრივ აღდგენად და ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ჩანაცვლებად მიიჩნიეს. მართლაც, ნიშნავს თუ არა ეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას?

- უფრო მეტს ვიტყვი - ეს არ არის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ეს არის გაცილებით მეტი იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობა გადაიქცა ერთგვარ ლეღვის ფოთოლად, რომელსაც "ქართული ოცნება“ იყენებდა ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მოსატყუებლად. რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს ისინი ელაპარაკებიან, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ამას არანაირი სიკეთე არ მოაქვს ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. პირიქით, იმის ნაცვლად, რომ დეოკუპაციაზე ვისაუბროთ, ან დეოკუპაციისკენ იყოს გადადგმული რამე სიმბოლური ნაბიჯი მაინც, რუსეთი პირიქით, ცდილობს, რომ შეამზადოს ცხინვალის რეგიონის ანექსია, ანუ ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების“ რუსეთთან დიალოგმა არა მარტო არანაირი შედეგი არ გამოიღო, არამედ ცხინვალის შემთხვევაში საერთოდ ანექსიაზეა საუბარი. ზურაბაშვილის და გალუზინის შეხვედრის შედეგად გამოჩნდა, რომ კიდევ უფრო მეტი ქართული კომპანია შეიძლება დასანქცირდეს. ამ ყველაფერში მორიგ ჯერზე ვხედავთ, რამდენად არაადეკვატური საგარეო პოლიტიკა აქვს "ქართულ ოცნებას“, რომელმაც მოიძულა ყველა მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი, დაგვტოვა რუსეთთან პირისპირ, ხოლო რუსეთთან პირისპირ დარჩენა რამდენად სახიფათოა, თანამედროვე ისტორიის განმავლობაში საქართველომ არაერთხელ ისწავლა. სამწუხაროდ, "ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია კომპეტენცია იმისთვის, რომ რუსეთთან საქართველოს საგარეო პოლიტიკა აწარმოოს და არც შესაბამისი ღირებულებები, რომ ღირსეულად მაინც აწარმოოს საგარეო პოლიტიკა.

- ზურაბაშვილის თქმით, გალუზინმა კომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვების მიზეზად სამი ფაქტორი დაასახელა: ამ კომპანიების მიერ უკრაინული მხარის დაფინანსება, ღვინის ხარისხი და კომპანიების "ანტირუსული ნარატივი“, ეთანხმებით?

- ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველა იმ კომპანიას, რომელიც ეხმარება უკრაინელებს მათ სამართლიან ბრძოლაში. უფრო სახიფათოა ის კომპანიები და ის პოლიტიკოსები, რომლებიც რუსოფილიით და რუსეთთან კაპიტულაციის მცდელობებით არიან დაკავებული. რაც შეეხება ხარისხს, რუსეთი არაერთხელ იყენებდა ფიტოსანიტარულ უწყებას, როგორც პოლიტიკური იარაღის ბერკეტს. ყოველთვის, როდესაც საუბარია იმაზე, რომ რუსული ბაზარი არ არის სანდო, არის პოლიტიზებული, განსაკუთრებით ევროპასთან შედარებით, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა საკუთარი სააგენტო. იყო ამ სააგენტოს ასეთი ხელმძღვანელი - ონიშენკო, რომელმაც ქართულ ღვინოს სრული ემბარგო გამოუცხადა. რა თქმა უნდა, ღვინის ხარისხთან დაკავშირებული ნებისმიერი წინაპირობა, რომელსაც რუსეთი აყენებს, არის აბსურდული, ეს არის მორიგ ჯერზე საქართველოს კონკრეტული ინდუსტრიის წინააღმდეგ უბრალოდ, სანქციების გამართლების მცდელობა ყოველგვარი რეალური დასაბუთების გარეშე. რუსეთი ამას აკეთებდა, გააკეთებს და მომავალშიც იზამს.

- რატომ უნდა ყოფილიყო შეხვედრაზე პრიორიტეტული (თუ ისევ ზურაბიშვილის ნარატივს მოვიშველიებთ) ღვინის საკითხი და არა, ვთქვათ, დეოკუპაცია, რაც საქართველოსთვის უპირველესია?

- "ქართული ოცნებისთვის“ პრიორიტეტი არის არა ქვეყნის სუვერენიტეტი, არა ქვეყნის ეროვნული ინტერესები, არამედ ჩვეულებრივი ფული, რომლის ნაკადები საკმაოდ გაიზარდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და მას შემდეგ, რაც მთელმა რიგმა მიწოდების ჯაჭვებმა საქართველოს ტერიტორიაზე გადაინაცვლა.

- ზურაბაშვილის ინტერვიუდან აღსანიშნავია ერთი ფრაზა - "ეს ყველაფერი აძლიერებს ქართულ ოპოზიციას და ნარატივს, რომ "ქართული ოცნება“ თითქოსდა, არის რუსული ძალა“. როგორ გავიგოთ დიპლომატის მხრიდან საჯაროდ გაკეთებული მსგავსი პოლიტიკური განცხადება?

- ბატონმა ზურაბაშვილმა, ჯერ ერთი, დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა დიპლომატიური სამსახურის შესახებ, რომელიც დიპლომატებს ავალდებულებს, იყვნენ ნეიტრალურები და არ მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში. მან დაარღვია დიპლომატიური ეთიკა, რომელიც ზუსტად იმავეს მოითხოვს დიპლომატებისგან - უპირველეს ყოვლისა, ემსახუროს საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ქვეყანას და არ გახდეს რომელიმე პოლიტიკური ძალის მონა. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ამ ბატონისთვის არც დიპლომატიურ კანონმდებლობას, არც დიპლომატიურ ეთიკას მნიშვნელობა არ გააჩნია და მისთვის მნიშვნელოვანი არის მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წინაშე საკუთარი დამსახურებების გაზრდა, როგორც ეს იყო საბჭოთა კომუნისტური პარტიის წინაშე - იგი ზუსტად ისევე იქცევა, როგორც საბჭოთა კავშირის მმართველობის დროს იქცეოდნენ - პარტია სამშობლოზე მაღლა იდგა.

- რუსეთში მცხოვრები პრორუსი ფიფიას "გამოგორება“ და მისი მხრიდან ზურაბაშვილის დამუნათება რით აიხსნება? შემთხვევით, რუსეთი საქართველოში პარალელურ პროექტს ხომ არ ააქტიურებს ფარცხალაძე-ფიფიას სახით და გამორიცხავთ, რომ ერთ დღესაც ფსონი მათზე დადოს?

- ეს ძალები არ არიან პრორუსულები, ისინი არიან პირდაპირ, ღიად რუსული ძალები, მით უმეტეს, რომ ბატონი ფარცხალაძის შემთხვევაში ჩვენ საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის დასკვნა გვაქვს, სადაც ეს პიროვნება პირდაპირ რუსეთის აგენტად არის დასახელებული. შესაბამისად, აქ არანაირი კითხვის ნიშნები და ეჭვები არ არსებობს. არც ფიფიას და არც ფარცხალაძეს საქართველოს მოსახლეობის არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, ისინი არიან განულებული პოლიტიკური ძალები. არაერთხელ ვნახეთ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მცდელობა, რომ პრორუსული გზავნილებით გამარჯვებულიყო არჩევნებში. ამ პოლიტიკურ ძალებს აქვთ ნულოვანი მხარდაჭერა, დაახლოებით 5%-მდე, რაც ნამდვილად არ არის საკმარისი ხელისუფლების დასაკომპლექტებლად. ჩვენ გვაქვს ნანახი რუსეთის არასწორი გათვლები იმავე უკრაინაში, როდესაც ისინი ელოდნენ, რომ ხალხი მათ ტანკებს ყვავილებით დახვდებოდა. როგორც ჩანს, ფარცხალაძე, ფიფია და სხვები უბრალოდ ცდილობენ, რომ მორიგ ჯერზე მოატყუონ მოსკოვი, კრემლი და მას სრულიად არასწორი მოლოდინები და შეგრძნებები შეუქმნან საქართველოში ელექტორატის განწყობებთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ, სპეკულაციურია, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ისინი ცდილობენ დაეხმარონ "ქართულ ოცნებას“ და ისედაც რუსეთისკენ გადახრილი პარტია გამოაჩინონ როგორც შედარებით ადეკვატური ძალა ამ ღია რუსების ფონზე, რაც არ არის გამორიცხული, მაგრამ "ქართული ოცნების“ იმიჯის გაუმჯობესება მათზე უარესი რუსების ჩვენებით არა მგონია, რომ ეფექტიანი ზომა იყოს, არც ის მგონია, რომ მათ ამით მოახერხონ ქართული საზოგადოების მორიგ ჯერზე შეცდომაში შეყვანა და დაბოლება.

- დაანონსდა, რომ ამ ფორმატის მოლაპარაკების შეხვედრის ადგილი მომავალში შესაძლოა სულაც მოსკოვი, ან თბილისი გახდეს, კობახიძემ ეს ღიად და საჯაროდ დაადასტურა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ის მოცემულობა, რომ გალუზინი ჩამოვიდეს საქართველოში, ან ზურაბაშვილი ჩავიდეს მოსკოვში?

- როგორც ვთქვი, "ქართული ოცნებისთვის“ რუსეთთან ურთიერთობებში დიპლომატიური ურთიერთობების ფორმალური არქონა არის ლეღვის ფოთოლი. ისინი რუს ჩინოვნიკებს თუ ჩამოიყვანენ, ქართული საზოგადოება მორიგ ჯერზე დაინახავს "ქართული ოცნების“ რეალურ სახეს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში "ქართული ოცნება“ ატყუებდა ქართველ საზოგადოებას და ყველაფერს აკეთებდა რუსული გავლენების გასაძლიერებლად. ჩვენ არაერთხელ გვინახავს რუსი პროპაგანდისტების ჩამოსვლა: გავრილოვი, რომელიც ასევე ირაკლი კობახიძის ჩამოყვანილი იყო, გვახსოვს პოზნერის ჩამოსვლა, ლავროვის ოჯახის წევრის ქეიფი კახეთში... დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოებისგან იქნება ზუსტად ისეთივე და იმაზე უფრო მწვავე რეაქცია, რომელიც იყო ამ ვიზიტებზე, რომლებზეც ახლა ვისაუბრეთ.

- ამ ყველაფრის ფონზე და გათვალისწინებით, აქვს აზრი ამ ფორმატით მოლაპარაკებების გაგრძელებას და საერთოდ, რაიმე მოლაპარაკებას რუსეთთან საქართველოს ეროვნული ინტერესებზე ორიენტაციის გარეშე?

- არსებობს საკმაოდ ეფექტური ფორმატი - ეს არის ჟენევის დისკუსიები, რომელსაც "ქართული ოცნება“ არა მარტო არ იყენებდა, არამედ არასწორად იყენებდა. გარდა ამისა, მომავალში შესაძლებელია ადეკვატური და საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალის მხრიდან რუსეთის ფედერაციასთან გარკვეული კომუნიკაცია, ოღონდ, კომპეტენტური დიპლომატების მხრიდან, რომელთა მიზანია ჩვენი სამშობლოს რეალური ინტერესების და დეოკუპაციის დაცვა. მაგრამ ამისთვის ჯერ ერთი, გეოპოლიტიკური მდგომარეობა უნდა იყოს განსხვავებული და მეორე, საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობები მკვეთრად უნდა იყოს გაზრდილი. დღეს საქართველო სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მცირე სამხედრო ბიუჯეტის მქონე სახელმწიფოა, ყველაზე სუსტი სახელმწიფოა და, რა თქმა უნდა, იზოლირებული, დასუსტებული, კორუფციაში ჩაფლული საქართველო რუსეთისთვის ძალიან მარტივი სამიზნეა. ასე არ უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო, საკუთარ თავდაცვაზე ვიზრუნოთ, კორუფცია ამოვძირკვოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება განვიხილოთ რუსეთთან საუბარი.