26 ნოემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყერი ჩამოწვა.
მომხდარ მეწყერზე სპეციალური განცხადება გაავრცელა გარემოს ეროვნულმა სააგენტომაც.
უწყების განმარტებით, ბოლო პერიოდში რეგიონში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექების პროვოცირებით, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ მასშტაბური მეწყრული სხეულის კონტურში ადგილი ჰქონდა მეორადი გენერაციის ცალკეული უბნების გააქტიურებას, რის შედეგადაც დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი.
"სხვადასხვა წლებში სოფ. ლაილაშის ტერიტორიაზე სააგენტოს გეოლოგების მიერ შეფასებულია როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტები, ისე საკარმიდამო ნაკვეთები და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.
სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ადგილობრივები ადგილიდან ავრცელებდნენ კადრებს, რომელშიც ჩანს დანგრეული სახლები და ქვა-ღორღით დაფარული შენობები. საბედნიეროდ, მეწყერს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მომხდარზე ambebi.ge-ს პროფესორი, გეოფიზიკოსი და სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი ესაუბრა:
- მეწყრის გააქტიურება ჩვეულებრივი მოვლენაა. დავიწყოთ იმით, რომ ეს რეგიონი - რაჭა-ლეჩხუმი მთლიანად მეწყერსაშიშია. ბუნებრივი საფრთხე, რაც ყველაზე ხშირად ხდება საქართველოში, ეს მეწყერია. დასავლეთ საქართველოში (განსაკუთრებით მთიან რეგიონებში) - სვანეთი, რაჭა, ლეჩხუმი, იმერეთი, აჭარა, გურია... ძალიან მეწყერსაშიში ზონებია. ყველა არ ჩამომითვლია, სხვაგანაც არის, მაგრამ ამ რეგიონებში - განსაკუთრებით.
- ზოგადად რაზეა დამოკიდებული, რა იწვევს მეწყრული პროცესების გააქტიურებას?
- მეწყერი ისეთი ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც დამოკიდებულია ნალექებზე (ინტენსიურმა ნალექებმა საბოლოოდ შეიძლება მეწყერი გამოიწვიოს). ზოგადად, მეწყრული პროცესი დამოკიდებულია რელიეფზე - ის გაცილებით ხშირია მთაგორიან ადგილებში, სადაც რელიეფი ძალიან ციცაბოა... ასევე, დამოკიდებულია ფერდობების გეოლოგიურ აგებულებაზე - რა ქანებით არის აგებული, ეს არის ორი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი. ამასთანავე, მეწყრის ინიციირებას ახდენს ე.წ. გამშვები მექანიზმები, პირველ რიგში, ეს არის ნალექები, წყალი - მიწისქვეშა წყალი იქნება, თუ ნალექების სახით მოსული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, არის ანთროპოგენური ფაქტორი, ანუ როცა ადამიანი ერევა ფერდობების კონტექსტში - ფერდობის მოჭრა, გზების გაყვანა, მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწყობა. ეს ანთროპოგენური ფაქტორი განსაკუთრებით მოხშირებულია 21-ე საუკუნეში, ალბათ აჭარბებს კიდეც.
- ლაილაში მანამდე თუ იყო შესული რისკის ზონაში და რამე გაკეთდა პრევენციისთვის?
- კი, რა თქმა უნდა, ეს სოფელიც მეწყერსაშიში უბანია, რადგან გეოლოგიური დეპარტამენტის ანგარიშებში ფიგურირებს (შარშანდელიც ვნახე და მონიშნულია, საკმაოდ მეწყერსაშიშ ზონად ითვლება). ადრეც ყოფილა იქ მეწყრის შემთხვევა, ეს დაფიქსირებულია და აღწერილი. მეწყერი ისეთი ლოკალური მოვლენაა, შეიძლება სოფელში რამდენიმე ადგილზე იყოს თვალსაჩინოდ, დამოუკიდებლად. ახლა კონკრეტულად არსად არ არის მითითებული, სად ჩამოწვა ეს მეწყერი, მაგრამ თვითონ ლაილაში მონიშნულია როგორც მეწყერსაშიში (წინა წელს აკეთებენ შემდეგი წლის პროგრამას) და იქ ყველგან წერია, რომ ლაილაშში მოსალოდნელია ასეთი რამ. გარემოს სააგენტოში ასევე მითითებულია, რომ გარდა იმისა, რომ ზოგადად სწავლობენ მეწყრებს, მოსახლეობამ თუ მიწერა რომელიმე საკარმიდამო ნაკვეთთან დაკავშირებით, ვალდებულები არიან შეისწავლონ. ასეთი წერილები არის და რამდენადაც ვიცი, ისინი შესწავლილი აქვთ, მაგრამ ეს საკმარისი არაა, რაღაც ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ.
საკმაოდ დიდი მეწყერი ყოფილა, 17 სახლი რომ დაზიანდა და არავინ არის დაშავებული, რა თქმა უნდა, ეს გამართლებაა. თან იმ სოფელში სახლები ერთმანეთის გვერდზე ხომ არაა, რაღაც მანძილით არის დაშორებული, იქ ეზოებია და ასე შემდეგ. კონკრეტულად როგორ მოხდა, დეტალურად არ ვიცით, ამას ალბათ მაშინ გავიგებთ, როცა ანგარიში დაიწერება.
- ყველაზე მეწყერსაშიში უბნები რომლებია საქართველოში და რა რისკები ახლავს თან?
- საქართველოში მეწყრული პროცესები განსაკუთრებით გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს მთიან და გორაკ-ბორცვიან რეგიონებში, ასევე კავკასიონისა და მცირე კავკასიონის ქედების ფერდობებზე. ძალიან მეწყერსაშიში რეგიონია აჭარა და გურია (განსაკუთრებით შიდა აჭარა და მდინარე აჭარისწყლის აუზი, სადაც მაღალი ნალექიანობა და რთული რელიეფი მეწყრულ აქტივობას ზრდის და სადაც ძალზე ხშირია სტიქია), ასევე, იმერეთი (განსაკუთრებით ზემო იმერეთი. მაღალი რისკის მუნიციპალიტეტებს შორისაა ბაღდათი, ჭიათურა, საჩხერე, ტყიბული, ხონი, წყალტუბო, ხარაგაული, თერჯოლა და სამტრედია) იმიტომ, რომ დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით მთიანი რელიეფური რეგიონები სადაც არის, ტენიანობა მაღალია. რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი (განსაკუთრებით ენგურის მიდამოები), მცხეთა-მთიანეთი და აღმოსავლეთ საქართველო (ცივგომბორის და თრიალეთის ქედები), აღმოსავლეთითაც დიდია საფრთხე, თბილისშიც არის მეწყრული ზონები და ყველგან, მაგრამ დასავლეთ საქართველოში - განსაკუთრებით...
- თბილისში სად არის რისკის ზონები, საფრთხე საიდან მოდის?
- სხვათა შორის, ბევრგან... ალბათ გახსოვთ ვაშლიჯვრის მეწყერი, კატასტროფული 2015წელი ვერეს ხეობაში, სადაც მეწყერიც ფიგურირებს. თბილისი ძალიან რთული რელიეფის ქალაქია და ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა.
- რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას პრევენციისთვის, რათა არ გამრავლდეს მეწყრული ზონები, ან თავიდან ავიცილოთ სტიქიისგან გამოწვეული ტრაგედიები?
- გეოლოგიური დეპარტამენტის ანგარიშებს თუ წავიკითხავთ, იქ ძალიან ბევრი მეწყერია და აღწერის დონეზე არის ყველაფერი. უკვე კარგა ხანია ვიცით, რომ ეს გუნდი მართლა დიდ სამუშაოს ასრულებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლომდე არ მიდის საქმე. რას ვგულისხმობ, იცით? ასეთი ბუნებრივი საფრთხეებისგან თავი რომ დავიცვათ, რეგიონებში, აუცილებლად, სოფლის დონეზე, ადგილზე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, ეს არის ადგილობრივების გადასაწყვეტი. იქ, სადაც მეწყერი ხდება, უნდა იყოს სტრუქტურები და რაც მთავარია, მოსახლეობა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უნდა ჩაერთოს. ჩვენ ამ მოვლენას ვერ ავიცილებთ თავიდან, მაგრამ მაქსიმალურად შეგვიძლია შევამციროთ ზარალი და განსაკუთრებით - მსხვერპლი.
მეწყრები შეიძლება გამრავლდეს. ცნობილი ფაქტი, რომ კლიმატი იცვლება და ეს ცვლილება ბევრ რამეში გამოიხატება. დიდი პროექტები რომ ვნახოთ, არაერთხელ გვისაუბრია იმავე რიკოთზე, სადაც ამოქმედდა მეწყერი და მერე დაიწყეს მეწყერსაწინააღმდეგო ზომების გატარება, ვინაიდან ბევრი ადგილი ჩამოიშალა. ყოველ შემთხვევაში ამბობდნენ, ყველაფერი შესწავლილიაო, მაგრამ ეს ანგარიშები ვერსად ვნახე. განსაკუთრებით სახიფათოა ჩუმათელეთის მონაკვეთი, ის ყველაზე მეწყერსაშიში და სხვა საფრთხეების ზონაა. დღესდღეობით ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, რაც ძალიან კარგია. იმას კი არ ვამბობ, რომ გზები არ უნდა გავიყვანოთ, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან დეტალური კვლევის შემდეგ უნდა მოხდეს. 40-50 წლის წინ რაღაცა კვლევა რომ ჩატარდა, დასკვნა დაიდო, დღეს ამის საფუძველზე არ უნდა ვაკეთოთ რამე. სამწუხაროდ, ამას არ ექცევა სათანადო ყურადღება.