გავრცელებული ინფორმაციით, ნიუ-იორკის იდუმალი მაცხოვრებლები, “ადამიანი-თხუნელები“ საკანალიზაციო გვირაბებში უამრავ საათს ატარებენ, აქ ისინი 1840-იანი წლების “ოქროს ციებ-ცხელების“ მსგავსად, ძვირფასი მეტალის მოპოვებას ცდილობენ.
ისინი საკანალიზაციო სისტემის ყველაზე ქვედა დონეებზე ჩადიან, იქ, სადაც წყლები ჩაედინება, საათობით დაგანან და ოქროს ძიებით არიან დაკავებულნი.
“როდესაც რაიმე ლითონს პოულობენ, სპეციალური გამხსნელით სავსე ჭიქაში ათავსებენ და ისე ანჯღრევენ, როგორც ბარმენი მარტინის მომზადებისას,“ - განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ გამოცემა The Post-ს.

მას შემდეგ, რაც ოქროს იპოვიან ან ხელცარიელნი დარჩებიან, “ადამიანი-თხუნელები“ შუაღამისას, როცა ქუჩაში ნაკლები ხალხია მიწის ზედაპირზე ამოდიან და სიბნელეს ეფარებიან.
მიუხედავად მათი საეჭვო საქმიანობისა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მიწისქვეშა მკვლევრები ქალაქის საკანალიზაციო სისტემაში უკანონო შეღწევისა და ოქროს ძიების გარდა, სხვა რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაში შემჩნეულნი არ არიან.
მიწისქვეშა განძის მაძიებლები მედიის ყურადღების ცენტრში უკვე ათწლეულზე მეტია ექცევიან. “ურბანული მკვლევრების“ ბოლო ჯგუფი გასულ კვირას, დილის 5 საათზე, მეორე ავენიუსა და აღმოსავლეთ მე-17 ქუჩის კვეთაზე მდებარე საკანალიზაციო ჭიდან ამოსვლისას შენიშნეს.

სექტემბერში, ზემო ისტ-საიდზე, საკანალიზაციო გვირაბებში შეღწევისთვის ორი “ადამიანი-თხუნელა“ , 26 წლის კევინ როდრიგესი და მისი თანამემამულე, ვენესუელის მოქალაქე სამუელ რევერონი დააკავეს.
“კანალიზაციაში ჩავდივართ და სანიაღვრეებსა და მილებში გაჭედილ ძვირფას ნივთებს ვეძებთ, ოქროს, ყველაფერს, რასაც ღირებულება აქვს“, - განუცხადა რევერონმა პოლიციელს დაკავების შემდეგ.
აგვისტოში ფანრებით აღჭურვილი სამი “ადამიანი-თხუნელა“ მანჰეტენის ხალხმრავალ ‘პენ-სტეიშენთან“ ახლოს მდებარე საკანალიზაციო ჭიდან ამოსვლისას გადაიღეს. 6 ოქტომბერს კი “ზემო ისტ-საიდზე“ ორთქლიანი ჭიდან კიდევ ხუთი ადამიანი ამოძვრა.

ინციდენტის კადრებში, რომელიც გამოცემა Flatbush Scoop-მა მოიპოვა, ჩანს, როგორ ამოდიან მიწის ქვეშიდან დაახლოებით ღამის 2 საათზე რეზინის ჩექმებსა და კომბინიზონებში გამოწყობილი შვიდი მამაკაცი, რომლებსაც ხელში ფანრები უჭირავთ.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასეთი შემთხვევები მომრავლდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ “საკანალიზაციო ოქროს მოპოვება“ მომგებიანი საქმე იყოს.
ერთ-ერთმა ”ურბანულმა მკვლევარმა“ სტივ დანკანმა, რომელმაც ამ საქმიანობას ორი ათწლეული მიუძღვნა, New York Times-ს განუცხადა, რომ ყველაზე ძვირფასი ნივთი, რაც კი მას ოდესმე მიწის ქვეშ უპოვია, ვადაგასული საკრედიტო ბარატი იყო.