ავტორი:

UEFA ბათუმში, “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

UEFA ბათუმში, “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

UEFA ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს. ამის შესახებ განცხადებას UEFA ავრცელებს.

  • განცხადების თანახმად, UEFA-მ უკვე დანიშნა ეთიკისა და დისციპლინის ინსპექტორები 26 ნოემბერს ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას”, და “მარსელსა” და “ლევსკი სოფიას” მატჩების დროს მომხდარი ინციდენტების გამოსაძიებლად.

“UEFA მკაცრად გმობს ძალადობისა და უწესრიგობის სერიოზულ ინციდენტებს, მათ შორის გულშემატკივრების ჩართულობით შეტაკებებს სტადიონზე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

UEFA აღნიშნავს, რომ “ძალადობას, აგრესიას, სიძულვილსა და ნებისმიერი ფორმის პროვოკაციულ, დისკრიმინაციულ ან ექსტრემისტულ საქციელს ადგილი არ აქვს ფეხბურთში“.

“UEFA-ს შეჯიბრებები ეფუძნება პატივისცემის, სამართლიანი თამაშის, პატიოსნებისა და უსაფრთხოების პრინციპებს. ზემოთ ხსენებულ მატჩებში მომხდარი მოვლენები ეწინააღმდეგება ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს და UEFA-ს სტატუტში ასახულ მიზანს, რომ საფეხბურთო მატჩები ტარდებოდეს მშვიდობის, ორმხრივი პატივისცემისა და სპორტული სამართლიანობის სულისკვეთებით,” - ნათქვამია განცხადებაში.