ავტორი:

კიევის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ სეულთან დაკავშირებული უთანხმოების გამო რუსეთს სამხედრო დახმარება შეუჩერა

კიევის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ სეულთან დაკავშირებული უთანხმოების გამო რუსეთს სამხედრო დახმარება შეუჩერა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (HUR) ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის სამხედრო დახმარება მოსკოვის მიერ სეულზე გაკეთებული განცხადებების გამო წარმოქმნილი დიპლომატიური დავის ფონზე შეაჩერა. ამ დროისთვის გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არც მოსკოვს და არც ფხენიანს ჯერ არ გაუკეთებიათ.

HUR-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ფხენიანმა შეურაცხყოფად მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს ოქტომბრის განცხადება, რომლის თანახმადაც კრემლი სეულსა და ფხენიანს მათ შორის არსებული დაძაბულობის დეესკალაციაში დაეხმარებოდა.

უკრაინული დაზვერვის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩო სონ ჰუიმ აღნიშნული განცხადებები როგორც “ორ სახელმწიფოს შორის არსებული მოკავშირეობითი შეთანხმებების სულისკვეთებასთან შეუსაბამო“ შეაფასა და სამხედრო მხარდაჭერის დროებით შეჩერების შესახებ გამოაცხადა.

  • HUR-ის თქმით, შეჩერება მოიცავს ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცის გამოყენების აკრძალვას რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებისთვის, KN-23 ტიპის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შეწყვეტას და საარტილერიო საბრძოლო მასალის შემდგომი პარტიების გაგზავნის შეჩერებას.

უკრაინული დაზვერვის დამატებითი ცნობით, ფხენიანი ასევე თავს იკავებს რუსეთის მოთხოვნის შესრულებისგან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოკორეული სამხედრო კონტინგენტის 8 500-დან 50 000 ჯარისკაცამდე გაზრდას ითვალისწინებს.

ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა 2024 წლის ივნისში ურთიერთდაცვის პაქტს მოაწერეს ხელი, რის შემდეგაც ჩრდილოეთ კორეა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიან ომში რუსეთის ერთ-ერთ უახლოეს სამხედრო მოკავშირედ იქცა. იმავე წლის ბოლოს რუსეთმა ჩრდილოკორეული ძალები კურსკის სასაზღვრო რეგიონში უკრაინულ შენაერთებზე შეტევისას ჩართო.

რუსეთი კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებასა და სამხედრო რესურსებზე. სანაცვლოდ, გავრცელებული ინფორმაციით, ფხენიანი რუსეთისგან სამხედრო ტექნოლოგიებს, ნედლეულსა და ფინანსურ დახმარებას, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის ოპერატიულ გამოცდილებას მოელის.

წყარო