ეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დონეს არ შეეფერება - ვერ შევეგუებით იმას, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ასე მოექცნენ, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა ისლამაბადში გამართული "მექას ერთობლივი თავდაცვის ალიანსის“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"როდესაც ეს სამწუხარო და მიუღებელი მოვლენები განვითარდა, თვითმფრინავში ვიმყოფებოდი. პაკისტანში მივფრინავდით. სწორედ ამ დროს მოხდა მატჩზე ეს ინციდენტები. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. პირდაპირი კავშირი გვქონდა ადგილზე მყოფ ჩვენს ელჩთან და გენერალურ კონსულთანაც.
ჩვენი უპირველესი მიზანი იყო ადგილზე ვითარების განმუხტვა, რათა არცერთი ჩვენი მოქალაქე პატიმრობაში არ დარჩენილიყო, არ დაშავებულიყო და მათთვის სათანადო ყურადღება მიექციათ.
ამ კუთხით ყველა ზომა იქნა მიღებული. ამავდროულად, როგორც იცით, პროცესში ჩვენი სხვა სამინისტროებიც ჩაერთნენ და ინტენსიურად იმუშავეს. დღეს კი ანკარაში საქართველოს ელჩი დაიბარეს და მას საჭირო გაფრთხილებები მისცეს და შესაბამისი შეხვედრა გაიმართა“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
"ჩვენთვის ეს უკიდურესად მიუღებელი ვითარებაა. ეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დონეს არ შეეფერება. ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ასე მოექცნენ. ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილები გაიგეს“, - აღნიშნა ფიდანმა.